აშშ თურქეთს პასუხობს, რომელიც ინჯირლიყის სამხედრო ბაზაზე ამერიკელი სამხედროებისთვის წვდომის შეზღუდვას გეგმავს

თურქეთის მიერ ამერიკელი სამხედროებისთვის ინჯირლიყის ბაზაზე წვდომის შეზღუდვის შესახებ შესაძლო გადაწყვეტილება, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში, თურქეთისთვის ვაშინგტონის მხარდაჭერაზე უარყოფითად აისახება. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს არ მოხდება.
ერნესტმა თურქეთს „ნატოს ძალზე მნიშვნელოვანი მოკავშირე“ უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ ანკარას ისლამისტებთან საბრძოლველად დამატებით დახმარებას აღმოუჩენს.
თავის მხრივ, აშშ–ის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა პიტერ კუკმა ინჯირლიყის ბაზაზე წვდომის შეზღუდვის ან აკრძალვის შესახებ ინფორმაციის კომენტირებისგან თავი შეიკავა. მან აღნიშნა, რომ აშშ მადლობელია თურქეთის, რომ საშუალება აქვს ტერორიზმთან საბრძოლველად ეს ბაზა გამოიყენოს და იმედოვნებს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. კუკმა ასევე განაცხადა, რომ ინჯირლიყს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის საკითხში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, საერთაშორისო კოალიციისთვის ინჯირლიყის ბაზის დახურვა დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ იმ ქვეყნებს, რომლებიც ამ ბაზას იყენებენ, მაგრამ ისლამისტებს არ ებრძვიან, იქ არაფერი ესაქმებათ.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოფიციალური ანკარა საერთაშორისო კოალიციისთვის ინჯირლიყის ბაზის დახურვას აპირებს, თურქულ მედიაში გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები