საქალაქო სასამართლო ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია ე. წ. ”ფარული ჩანაწერების” საქმე, ბრალდებულების ვასილ ლ.-ს, რევაზ შ.-ს, ირაკლი ყ.-ს, გიგლა შ.-ს და ამჟამად ძებნაში მყოფების დიმიტრი თ.-სა და გივი კ.-ს მიმართ. ბრალდებულებს 2017 წლის 7 იანვარს ეწურებოდათ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების ცხრათვიანი ვადა. შესაბამისად ბრალდებულები რევაზ შ. და გიგლა შ. გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან, ხოლო ბრალდებული ირაკლი ყ., რომელიც საკუთარი სურვილით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, გათავისუფლდება პენიტენციური დაწესებულებიდან. ბრალდებული ვასილ ლ. მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე.
საქმის არსებითად განხილვა 2016 წლის 29 სექტემბერს დაიწყო და დახურულ სხდომაზე მიმდინარეობს. სასამართლო პროცესები რამდენჯერმე გადაიდო ადვოკატთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. სასამართლომ უფლებადამცველთა გამოუცხადებლობისას, იმ დღესვე დანიშნა ადვოკატები სავალდებულო წესით. თუმცა, სავალდებულო წესით დანიშნულმა უფლებადამცველმა არასაკმარისი დროის გამო ვერ შეძლო საქმის მასალების შესწავლა (13 ტომი), ასევე საქმის განხილვა გადაიდო ბრალდებულ ვასილ ლ.-ს ავადმყოფობის გამო.
ზემოაღნიშნული შემაფერხებელი გარემოებების მიუხედავად, სასამართლომ დაკითხა ბრალდების 93 მოწმე, გამოიკვლია წერილობით მტკიცებულებათა ნაწილი და დისკები-ვიდეო ჩანაწერებით. მოცემულ საქმეზე დასაკითხია ბრალდების 16 და დაცვის 7 მოწმე, ამასთან გამოსაკვლევია წერილობითი მტკიცებულებებიც.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა 2017 წლის 12 იანვარს, 15:00 საათზე განახლდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები