სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა ორ კომპანიას მიანიჭა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია Wucher Helikopter Gmbh-ზე და კომპანია HTM Helicopter Travel Munich GmbH-ზე ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა.
სააგენტოში შემოტანილი განაცხადის მიხედვით, ავსტრიული კომპანია Wucher Helikopter Gmbh მიმდინარე წლის 10 იანვრიდან 10 აპრილამდე სტეფანწმინდა-გუდაურის ზონაში ოპერირებას განახორციელებს, კერძოდ კი AS 350 B3 Ecureuil და AS 350 B Lama-ს ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით Heli-skiing ტურებს მოემსახურება, რაც ვერტმფრენებით მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისაგან წინასწარ დაკომპლექტებული ტურისტული ჯგუფების გაუკვალავ თოვლში გადასხმას და მათთვის თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს. ნებართვა Wucher Helikopter Gmbh-ზე, რომელიც საქართველოს ზამთრის საკურორტო ზონებში 2013 წლიდან ოპერირებს, 2016 წლის 29 დეკემბერს გაიცა.
გერმანული კომპანია HTM Helicopter Travel Munich GmbH იგივე ფრენებს დანიშნულებით განახორციელებს. ოპერირება 2017 წლის 16 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, გუდაურის საკურორტო ზონაში AS 350 B3 ტიპის თანამედროვე ვერტმფრენით იგეგმება. ფრენების განსახორციელებლად აუცილებელი ნებართვა კომპანიამ 2016 წლის 28 დეკემბერს მიიღო. შუამდგომლობით სააგენტოს შპს „ჰელიქსირმა“ მომართა.
ფრენები ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში და ვიზუალური ფრენის წესებით (VFR) დაიშვება.
კომპანიების ოპერირება საქართველოს სათხილამურო კურორტებზე უცხოელი ტურისტების მოზიდვას ხელს შეუწყობს და ზამთრის ტურიზმისათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები