ალექსანდრე ჯეჯელავა: განათლების ახალი კრიტერიუმების დანერგვის პროცესში დისკრიმინაცია გამორიცხულია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია დავარწმუნეთ, რომ განათლების ახალი კრიტერიუმების დანერგვის პროცესში გამორიცხულია დისკრიმინაცია, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, რეფორმის შემდეგ ეტაპზე ყველა ხსენებული დებულება დაკონკრეტდება სწორედ ხარისხიანი განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის პრინციპიდან გამომდინარე.
„პრეტენზიას უფრო ვერ დავარქმევ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებს ჰქონდათ შეკითხვები. გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, სადაც განვიხილეთ საკითხები, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებებზე. დეტალურად შევჩერდით სკოლების კატეგორიის საკითხებზე. გამოთქვეს წუხილი, მოსაზრება, რომ შეიძლება ამან მიგვიყვანოს არაერთგვაროვანი ხარისხის განათლებისკენ. ჩვენ დავარწმუნეთ, რომ ასე არ მოხდება. საუბარი არის შემდეგზე, რომ სამი კატეგორიის სკოლა გვექნება. პირველი ორი კატეგორია არის ზომით გაყოფილი – 200 მოსწავლეზე ნაკლები სადაც სწავლობს და 200 მოსწავლეზე მეტი სადაც სწავლობს. ძირითადი მიზეზი ამ გაყოფის არის დაფინანსების სქემა იმიტომ, რომ ჩვენი დღევანდელი დაფინანსება 200 მოსწავლემდე სკოლებს აკმაყოფილებს. 200 მოსწავლეზე ზემოთ სკოლებში კი არის დაფინანსების მხრივ მნიშვნელოვანი სირთულეები. ვაპირებთ ახალ სქემაში ეს ხარვეზი აღარ არსებობდეს. 200 ბავშვზე მცირე და მეტ სკოლებში პედაგოგების მიღებასთან, მათ პროფესიულ განვითარებასთან, საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან დაკავშირებით არის ასევე სირთულეები. მოგეხსენებათ, მცირე სკოლები არის სოფლებში, სადაც საკადრო ბაზარი შეზღუდულია. ჩვენ ვაპირებთ გავითვალისწინოთ ეს სპეციფიკა“, – განაცხადა ჯეჯელავამ.
მისივე განმარტებით, მესამე კატეგორია ეს იქნება წამყვანი სკოლები.
„ეს იქნება კრიტერიუმებზე აგებული კატეგორია ანუ მცირე სკოლასაც და დიდ სკოლასაც შეუძლია გახდეს წამყვანი სკოლა თუ დააკმაყოფილებს კრიტერიუმს. კრიტერიუმები ჯერ არ გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ კომიტეტი შეიმუშავებს“, – აღნიშნა ჯეჯელავამ.
„ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შენიშვნები ჰქონდათ პროექტის დებულებებთან დაკავშირებით, რომლებიც მათი აზრით, ზოგადი ხასიათისაა და დაკონკრეტების პროცესში შეიძლება დისკრიმინაციული ხასიათი მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები