ვასილ მაღლაფერიძე: არც ვალი მაქვს ”ქართული ოცნების” , არც ვალდებულება

არც რაიმე ვალი მაქვს ”ქართული ოცნების” , არც ვალდებულება – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.
შესაბამისი პასუხით, მან სამეურვეო საბჭოს წევრ ქეთევან მსხილაძეს მიმართა, რომელსაც მაღლაფერიძის პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.
”იმ ვითარებაში, რა პერიოდიც გავიარეთ, რას ვეძახით ჩვენ მხარეს და რას ნიშნავს ნეიტრალური ვითარება? როდესაც დემოკრატია და ავტორიტარიზმი ებრძვის ერთმანეთს, აქ მხარე არ არის. მხარეები ჩვენ უნდა ვიყოთ, როდესაც დემოკრატიის სივრცეა. ასეთ ვითარებაში თუ ვიღაც ახერხებს შუაში დადგომას ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის, ჩემთვის სხვა სახელი ჰქვია. მაგრამ, ამავე დროს უნდა გითხრათ პირდაპირ, რომ არც ვალი მაქვს ”ქართული ოცნების” რაიმე, არც ვალდებულება და არც მიმუშავია არც ერთი დღე. მე არც ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვყოფილვარ არასდროს. ვიყავი ხელისუფლებაში და დავტოვე, როდესაც მიმაჩნდა, რომ ისინი ცუდად იქცეოდნენ. მე მაქვს ჩემი გამოცდილება, ძალიან დიდი ხანია ამ სფეროში ვმუშაობ, ხოლო პოლიტიკის მიმართ არანაირი ვალდებულება არ მაქვს. მე მაშინ მაინტერესებს, რომელი ტელევიზია მიგაჩნიათ საამაყო ტელევიზიად, საიდანაც შეიძლება მოსულიყო გენერალური დირექტორი?”, – მიმართა მაღლაფერიძემ მსხილაძეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული ღია კონკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა. საბოლოო კენჭისყრა კი ხვალ, 6 იანვარს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები