მაგდა პაპიძის საქმის ხელახალ განხილვასთან დაკავშირებით, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძის საქმის ხელახალ განხილვასთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2016 წლის 04 ივლისს მაგდა პაპიძე ერთხმად სცნო დამნაშავედ ოჯახური დანაშაულის, კერძოდ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა და ორი პირის განზრახ მკვლელობაში, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2015 წლის 19 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, გ.ფერაძის ქუჩა N6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის N10 ოთახში მაგდა პაპიძემ თავის არეში უროს რამდენიმე ჩარტყმით განზრახ მოკლა მეუღლე ომარ ქაფიაშვილი და გაგუდა არასრულწლოვანი შვილი, 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილი, რის შემდეგაც ცხედრები ეზოში გაიტანა და შეეცადა წაეშალა დანაშაულის კვალი.
2016 წლის 06 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა სასჯელის დანიშვნის სხდომა და მოსამართლემ მაგდა პაპიძეს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ზემოაღნიშნული განაჩენი გასაჩივრებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც დაცვის მხარე ითხოვდა ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის გაუქმებას, საქმის დაბრუნებას ხელახალი განხილვისათვის და დანიშნული სასჯელის გაუქმებას.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრის შესაგებელში მიუთითებდა, რომ მაგდა პაპიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტი ემყარებოდა სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს და იყო დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი იყო კანონიერი, შესაბამისად არ არსებობდა ვერდიქტის გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დაცვის მხარის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი“,-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები