ავღანეთში, ერთ-ერთი მინისტრის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
ავღანეთის ტელეკომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრის აბდულ რაზაკ ვახიდის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და მას მინისტრის უფლებამოსილება შეუჩერეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ქვეყნის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ავღანეთში ბოლო თვეებში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გაგრძელება იქნება. ნოემბერში, პარლამენტმა, რამდენიმე მინისტრს უნდობლობა გამოუცხადა. ავღანელი მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება მის უწყებაში ჩატარებული აუდიტის შემდეგ დაიწყო, რა დროსაც ფინანსური დარღვევები დაფიქსირდა. ავღანეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში რამდენიმე მაღალჩინოსნის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს.