მთავრობის ადმინისტრაცია: ამ ეტაპზე, ნატოს ხედვაა, რომ სამიტი იქნება დახურული არაწევრი ქვეყნებისთვის

“ამ ეტაპზე, ნატოს ხედვაა, რომ სამიტი იქნება დახურული არაწევრი ქვეყნებისთვის, და, შესაბამისად, შეკრებაში მონაწილეობას მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები მიიღებენ“, – ამის შესახებ განმარტება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაკეთდა. როგორც უწყებაში აღნიშნეს, ნატოს 2017 წლის სამიტი ჯერ დაგეგმვის პროცესშია.
„ქართული მხარე ესაუბრა ნატოს გენერალურ მდივანს, თუ რამდენად შესაძლებელია ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის 2017 წლის სამიტში. იმ შემთხვევაში, თუკი სამიტის ამ დრომდე არსებულ ფორმატში, კორექტირება შევა, შეკრებაში მონაწილეობას ქართული მხარეც მიიღებს.
ველოდებით რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტს. საქართველო ნატოს სამხედრო კომიტეტს უმასპინძლებს. საპარლამენტო ასამბლეის გაზაფხულის სესია თბილისში ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობის მიღებას გენერალური მდივანიც გეგმავს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ნატოს საპარლამენტო ასამბლეა თავის სესიას პარტნიორ ქვეყანაში ჩაატარებს. გარდა ამისა, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები სხვადასხვა თემატიკაზე”, – განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები