ლევან იზორიამ ამერიკელ სენატორებს JTEC -ში უმასპინძლა

საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სენატორების დელეგაცია დღეს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ეწვია. აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეს სენატორ ჯონ მაკკეინს, სენატორ ემი კლობუჩარს და სენატორ ლინდსი გრემს „კრწანისში“ მასპინძლობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა გაუწიეს. ოფიციალური ცერემონიის დასაწყისში, ჯონ მაკკეინმა საერთაშორისო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მემორიალი გვირგვინით შეამკო. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკელი სენატორები ქართველ სამხედროებს წარუდგინა და საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. „თქვენი ვიზიტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ხანგრძლივ მეგობრობასა და პარტნიორობას. ჩვენმა მეგობრობამ უამრავ გამოცდას გაუძლო. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ეკლიან გზაზე, ყველა მნიშვნელოვანი გამოწვევისა და პოლიტიკური ქარტეხილის დროს, მუდამ ვგრძნობდით თქვენს უპირობო მხარდაჭერას. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 8 წელზე მეტი გავიდა, თუმცა რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ კვლავ გრძელდება და ჩვენი ქვეყანა ისევ დგას რუსული ოკუპაციის საფრთხის წინაშე. დღეს, როდესაც საქართველო კვლავ დგას მსგავსი გამოწვევების წინაშე, თქვენ რჩებით დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლების ერთგული. უსაფრთხოების გამოწვევების დასაძლევად უმნიშვნელოვანესია ჩვენი ერთსულოვნება და თანადგომა. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სამაგალითო პარტნიორობის გათვალისწინებით ქართველ ხალხს თქვენი მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს. მე, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ძალისხმევას არ დავიშურებ ჩვენი მეგობრობის გასაღრმავებლად. ყოველთვის მზად ვარ ვითანამშრომლო ამერიკელ პარტნიორებთან, რომ ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგებს მივაღწიოთ. ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ ვიმყოფებით კრწანისში არსებულ ნატოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში, კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორობისა და მეგობრობის ხელშეწყობით საქართველო წარმატებით განაგრძობს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. მწამს, რომ საქართველო ყოველთვის იქნება დემოკრატიული ფასეულობების ერთგული და აშშ-სთან ერთად წვლილს შეიტანს დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების საქმეში“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

15841149_1274699365907273_442595132_n

15871065_1274699372573939_973022097_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები