ჯონ მაკკეინი: ვლადიმერ პუტინის წყალობით მსოფლიო გაცილებით უფრო საშიში გახდა

ვლადიმერ პუტინის წყალობით მსოფლიო გაცილებით უფრო საშიში გახდა, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში განაცხადა, სადაც მან ქართველ სამხედროებს მიმართა.
სენატორმა მაკკეინმა მადლობა გადაუხადა როგორც ამერიკელ საზღვაო ქვეითებს, რომლებიც ამ სადღესასწაულო პერიოდს, ქართველ კოლეგებთან ერთად, საკუთარი ოჯახებიდან შორს ატარებენ, ისე ქართველ სამხედროებს, რომლებიც, მათ შორის, ავღანეთში ბოროტების – „თალიბანის“ წინააღმდეგ იბრძვიან. ჯონ მაკკეინმა, ასევე, ისაუბრა იმ საფრთხეზე, რომელსაც მსოფლიო მშვიდობას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უქმნის.
„ვლადიმერ პუტინის წყალობით მსოფლიო გაცილებით უფრო სახიფათო ადგილი გახდა. 2008 წელს ის არალეგალურად და ამორალურად შემოიჭრა საქართველოში, შემდეგ – ყირიმში. ასევე, ძალიან დიდი ზეწოლა ხორციელდება მამაც ბალტიისპირეთის ქვეყნებზე. გუშინ ვეწვიეთ რამდენიმე ადგილს, რომელიც არალეგალურად ანექსირებულია რუსეთის მიერ. ჩვენი ლიდერი რონალდ რეიგანი ამბობდა, რომ მშვიდობა არის სიძლიერე. თქვენ წარმოადგენთ რეიგანის ამ სიტყვების მემკვიდრეობას და ეს იქნება მესიჯი რუსეთისთვისაც. ღრმად მწამს, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს. ჩვენ ვართ მშვიდობის გარანტორები, ამერიკელი და ქართველი ხალხის თავისუფლების გარანტორები“, – განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები