“მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს პირობებში გამოხატული მხარდაჭერისათვის”

საქართველოს პრემიერმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ სენატორებს, რომლებსაც გუშინ თბილისის ტექნოლოგიურ პარკში უმასპინძლა, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, როცა სენატორები ახალ წელს საქართველოში ატარებენ.
“აქ შეკრებილი საზოგადოებისა და სხვათა სახელით, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ დროის ამ უმნიშვნელოვანესი მონაკვეთის – ახალი წლის საქართველოში გატარებისთვის. ეს, ჩვენი აზრით, ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად ძალიან სწორი მომენტია, რათა ჩვენ განვაგრძოთ სწრაფვა ევროპის, ნატოსა და ზოგადად, ჭეშმარიტად დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისკენ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-სა და თქვენს ელჩს – ჩვენს მეგობარ იან კელის საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, უდიდესი დახმარებისთვის.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 25 წლის მანძილზე ჩვენი ქვეყანა ცდილობს, ჩამოყალიბდეს ჭეშმარიტად დემოკრატიულ ქვეყნად და გახდეს ევროპული სივრცისა და ცივილიზებული სამყაროს ჭეშმარიტი ნაწილი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს ჩვენი ქვეყნისათვის ურთულეს პირობებში გამოხატული მხარდაჭერისათვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო აქ შეკრებილ საზოგადოებას ახალი წლის დღის ჩვენთან ერთად გატარებისთვის. დიდი მადლობა ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ამ პრეზენტაციის ორგანიზებისათვის. ეს პროექტი შეცვლის ქვეყნის მომავალს. ეს პროექტი შეცვლის ახალგაზრდა თაობის მსოფლმხედველობას და ისინი მეტად დაინტერესდებიან მეწარმეობითა და ქართული ეკონომიკის ყველაზე აქტიური, დინამიური და სწრაფად განვითარებადი დარგის მშენებლობით”, – განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები