ლავროვმა პუტინს რუსეთიდან 35 ამერიკელი დიპლომატის გაძევება შესთავაზა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აშშ-ის საელჩოს 31 თანამშრომლისა და სანკტ-პეტერბურგში მდებარე გენერალური საკონსულოს ოთხი თანამშრომლის გაძევება შესთავაზა.
ასევე, ლავროვის ინიციატივით, ამერიკელ დიპლომატებს დასახლება სერებრიან ბორში დასასვენებელი სახლით და დოროჟნაიას ქუჩაზე საწყობით სარგებლობა აეკრძალათ.
„ჩვენ ამერიკელი კოლეგების ასეთ გამოხტომებს უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ, ამიტომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადეკვატურ ზომებს მიიღებს. ჩვენ რუსეთიდან 35 დიპლომატის გაძევებას ვაპირებთ“, – განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, აშშ-ის მიერ 30 დეკემბრიდან დაწესებული სანქციები, სხვა ზომებთან ერთად, რუსი დიპლომატების გაძევებასაც გულისხმობს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგეგმება მოსკოვში ინგლისურ-ამერიკული სკოლის დახურვა, სადაც უცხოელი დიპლომატების შვილები სწავლობენ.
ცნობისთვის, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ, 30 დეკემბრიდან, რუსეთს, კიბერშეტევების გამო, ახალი სანქციები დაუწესა. შესაბამის ბრძანებულებას ხელი მოაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები