„მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე“ 2017 წლიდან ახალი მეთოდოლოგიით და მიდგომებით წარდგება
„მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში“ 24 მიმართულებიდან 20 უფასოა, მერია მთლიანად აფინანსებს პედაგოგთა ანაზღაურებას”, – მის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ განაცხადა.
თიკა რუხაძე იმ მიმართულებებზე საუბრობს, რომელიც 2017 წლიდან მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გატარდება. სასახლის დირექტორი ყურადღებას არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე ამახვილებს.
გარდა პროფესიული მიმართულებების განვითარებისა, დაგეგმილია ასევე 200-წლიანი შენობის სრული რეაბილიტაციაც.
სასახლეში ბოლო პერიოდში სამჯერ შეიცვალა ხელმძღვანელი, სასახლის კოლექტივი თითქმის სულ იყო მუდმივი თავდაცვის რეჟიმზე გადასული, რომ ვინმეს არ წაერთმია სასახლე და ბავშვები ქუჩაში არ დარჩენილიყვნენ. ამ მხრივ, მდგომარეობა ამ ეტაპზე აბსოლუტურად ჯანსაღია.
მომავალი წლიდან მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ახალი მეთოდოლოგიით წარდგება. დაგეგმილია “მზიურის” წევრების შესარჩევი კონკურსი, ახალი პროფილების დამატება. ასევე, მუშავდება დასკვნა, რათა შემდეგ მოხდეს მთლიანი შენობის რეაბილიტაციაც. მსოფლიოში დიდი ყურადღება ეთმობა არაფორმალურ განათლებას. ესაა აუცილებელი მრავალმხრივი განვითარებისთვის.
დღეის მდგომარეობით, სასახლეში 4000 მოსწავლე გვყავს, საგულისხმოა, რომ 20 წრეზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, მხოლოდ ოთხი წრეა ფასიანი, ისიც ძალიან მიზერული თანხაა – 20-დან 40 ლარამდე. სოციალურად დაუცველი ბავშვებს, მერია მთლიანად უზრუნველყოფს მათ დაფინანსებას“, – განაცხადა თიკა რუხაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
სასახლის ხელმძღვანელი მეთოდიკის დანერგვას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მოდელების მიხედვით გეგმავს. თიკა რუხაძის განცხადებით, სიახლე იქნება ისიც, რომ სასახლეში მოეწყობა საგამოფენო და სამუზეუმო სივრცეები, ასევე, იფუნქციონირებს განახლებული და ახალი ინვენტარით აღჭურვილი თეატრალური დარბაზი.