“2017 წლიდან დაიწყება პირველადი ჯანდაცვის რეფორმაც, რაც ოჯახის ექიმის ინსტიტუტს გააძლიერებს“

“მხოლოდ 2016 წლის განმავლობაში 1 მილიონ 200 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2016 წელი შეაჯამა.
მისივე თქმით, 2017 წლიდან დაიწყება პირველადი ჯანდაცვის რეფორმაც, რაც ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებას, დაავადებათა ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკას და მათ პრევენციას ისახავს მიზნად და ამოქმედდება ელექტრონული რეცეპტების სისტემა.
„არ შეიძლება, არ შევეხო იმ სფეროს, რომელიც ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მთავარ პრიორიტეტად დავისახეთ – ეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. მხოლოდ 2016 წლის განმავლობაში 1 მილიონ 200 ათას კაცზე მეტმა ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით. წელს 13 000-ზე მეტმა პაციენტმა უკვე დაასრულა მკურნალობა C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში და მათი განკურნების მაჩვენებელი 90%-ია.

რა თქმა, უნდა ჩვენ ამ პროგრამებს 2017 წელსაც გავაგრძელებთ, თუმცა ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვა გახდება კიდევ უფრო საჭიროებებზე ორიენტირებული და მეტად ხარისხზე ორიენტირებული. სწორედ ამ მიზნით შემუშავდა მეორე – ახალი ეტაპის რეფორმები, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე, უზრუნველყოფს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისი. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, 2017 წლიდან დაიწყება პირველადი ჯანდაცვის რეფორმაც, რაც ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებას, დაავადებათა ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკას და მათ პრევენციას ისახავს მიზნად. ამოქმედდება ელექტრონული რეცეპტების სისტემაც“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები