საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ (პარლამენტის ქვედა პალატამ) დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას ითვალისწინებს,- ამის შესახებ გამოცემა Le Figaro იტყობინება.
„ბურბონების სასახლემ თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტს ამ საკითხთან დაკავშირებით. დეპუტატებმა ის პირველი მოსმენით დაამტკიცეს. მისი მიზანია სოციალური მედიის აკრძალვა 15 წლამდე მოზარდებისთვის“, – წერს გამოცემა.
დოკუმენტს მხარი 116-მა დეპუტატმა დაუჭირა 23-ის წინააღმდეგ.
კანონპროექტის ავტორია ლორა მილერი, პარლამენტის წევრი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის „რენესანსის“ პარტიიდან. იგი აცხადებს, რომ კანონპროექტის მიზანია „ფრანგი ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა“ სოციალური მედიის მზარდი გავლენის ფონზე.
კანონპროექტის ერთ-ერთი პუნქტი ასევე მოიცავს საფრანგეთის საშუალო სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას.