ავტო-საგზაო შემთხვევის გამო, თბილისი-ბათუმის მატარებელი ბათუმში დაგვიანებით ჩავიდა

ქობულეთში მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევის გამო, თბილისი-ბათუმის მატარებელი ბათუმში 30 წუთის დაგვიანებით ჩავიდა.
შემთხვევის დროს, თბილისი-ბათუმის მატარებელი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარის შესახებ ფოტო-მასალა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს მატარებლის მგზავრმა მიაწოდა. მგზავრის ინფორმაციით, საგზაო შემთხვევა სასაფლაოსთან მოხდა, სადაც მოქალაქეები იმყოფებოდნენ. მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მანქანები ლიანდაგთან ახლოს იდგა, რის გამოც მატარებელმა მათთვის გვერდის ავლა ვერ მოახერხა. ამ დროისთვის ავტომობილებში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად, არავინ დაშავებულა. მატარებლის მგზავრის ინფორმაციით, ადგილზე საპატრულო ეკიპაჟის გამოძახება არ მომხდარა. რკინიგზის დეპარტამენტში მომხდარს ადასტურებენ და განცხადებას ავრცელებენ.
“დღეს, დაახლოებით 12 სთ. 50 წთ-ზე, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი (GRS 802), ოჩხამური – ქობულეთის მონაკვეთზე, სარკინიგზო ხაზზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევით გაჩერებულ ავტომანქანასთან მცირედი კონტაქტის შედეგად უმნიშვნელოდ დაზიანდა. მძღოლმა ავტომანქანის ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციის წესები დაარღვია, რის გამოც ავტომობილის გარკვეული ნაწილი მატარებელის მოძრაობის გაბარიტში მოექცა. მოძრავი მატარებლის მემანქანემ, ლიანდაგთან მდგომი ავტომანქანის შემჩნევისას, მატარებლის გაჩერებისთვის განკუთვნილი ზომები მიიღო. თუმცა, ავტომობილი სამუხრუჭე მანძილის ფარგლებში იდგა. საბედნიეროდ, მანქანაში არ ისხდნენ მგზავრები და ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. აღნიშნული ფაქტის გამო მატარებელმა ბათუმში ჩასვლა 11 წუთით დაიგვიანა. საქართველოს რკინიგზა შეგახსენებთ, რომ კატეგორიულად აკრძალულია რკინიგზის ხაზზე ავტომანქანის გაჩერება. მსგავსი ტიპის ქმედება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევაა, რომელსაც შესაბამისი სანქციები მოჰყვება. საქართველოს რკინიგზა მოგმართავთ თხოვნით, რკინიგზის ხაზის მიმდებარე ტერიტორიასთან მიახლოებისას, დაიცვათ უსაფრთხოების წესები,” – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები