„თუ ერთ მესაკუთრეს ექნება ტელევიზიები, მხოლოდ ერთგან იქნება შესაძლებელი, არსებობდეს საინფორმაციო პროგრამები“

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული კოორდინატორი, მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში არ იზიარებს ირაკლი რუხაძის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ „მაესტრო“ და „იმედი“ შეიძლება იყოს ერთი ადამიანის მფლობელობაში და ორივეს ჰქონდეს საინფორმაციო გამოშვება და აღნიშნავს, რომ კანონი საკმაოდ ნათლად და ლოგიკურად განსაზღვრავს მსგავს საკითხს.

„კანონის სხვანაირი წაკითხვა რას ნიშნავს, ვერ გეტყვით. მე მგონი, კანონი ძალიან გასაგებად გვეუბნება, თუ ერთ მესაკუთრეს ექნება ეს ტელევიზიები, მხოლოდ ერთგან იქნება შესაძლებელი, არსებობდეს საინფორმაციო პროგრამები. თუ ირაკლი რუხაძე ამას ეუბნება „მაესტროს“ ჟურნალისტებსაც, ეს კიდევ ამძიმებს ვითარებას, იმიტომ, რომ არ მგონია, მარეგულირებელმა კომისიამ ასეთი ინტერპრეტაცია მისცეს საკითხს. ეს იქნებოდა კანონის სეროზული დარღვევა. არ შეიძლება ერთ ჯგუფს გააჩნდეს ძალიან დიდი ბერკეტი და ბევრი შესაძლებლობა და რამდენიმე საინფორმაციო-პოლიტიკური ხასიათის ტელევიზია ჰქონდეს. ეს პრინციპი დევს ყველა ევროპულ კანონში. თუ არ იცნობენ კანონს, უნდა გამოასწორონ ვითარება და რაღაცნაირად შეცვალონ გადაწყვეტილება. თუ იცნობენ კანონს და მაინც იგივეს ამბობენ, მაშინ არ ვიცი, რა გითხრათ, გამოვა, რომ ეს იქნება სერიოზული ავანტიურა. ტელევიზიები არ უნდა იყოს სათამაშო ვიღაცის ხელში, არ შეიძლება ასე მოქცევა. თუ კანონს შეცვლიან იმის გამო, რომ ვიღაცებს უნდათ, გააერთიანონ ეს ტელევიზიები, ეს მეორე პრობლემაა. ჩვენთან ხდებოდა ხოლმე ასეთი რაღაცები, როდესაც კანონს ვიღაცის ინტერესებს მოარგებდნენ, მაგრამ იმედი მაქვს, ახლანდელი პარლამენტი ასეთ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს“, – განაცხადა ტუღუშმა. ამასთან, ლაშა ტუღუშის აზრით, „იმედის“, „მაესტროსა“ და GDS-ის ერთ ჰოლდინგში გაერთიანებას პოლიტიკური ხასიათი აქვს და მედიაგარემოზე ცუდად იმოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები