„სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალება წინასწარ დადგმული დანაშაულებრივი სქემა იყო“

დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე, სადაც გირგვლიანის საქმის ეპიზოდი განიხილებოდა, გია ცაგარეიშვილი დაიკითხა.
ცაგარეიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალება წინასწარ დადგმული დანაშაულებრივი სქემა იყო.
გია ცაგარეიშვილი იმ ეპიზოდზე დაიკითხა, რაზეც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული. როგორც გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალებაზე მან მედიით შეიტყო, ხოლო ამ ინფორმაციის გაცნობიდან მალევე პროტესტის ნიშნად კომისია დატოვა.
“ამ საქმეზე არავითარი შეთანხმება არ ყოფილა, როგორც ეს მაშინ დიმიტრი შაშკინმა განაცხადა ვერც მოხდებოდა, რადგან ვაპროტესტებდი ამ დანაშაულს. შევიტყვე, რომ შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალა პრეზიდენტმა მსჯავრდებულები. კომისიის წევრი ვიყავი და საერთოდ არაფერი ვიცოდი, ჩვენ ეს საქმე საერთოდ არ განგვიხილავს. ვფიქრობ, ეს იყო წინასწარი სქემა და ამ დანაშაულებრივ სქემაში სააკაშვილთან ერთად მონაწილეობდა შაშკინი”, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
გია ცაგარეიშვილის განცხადებით კომისიისთვის მიმართვის შემთხვევაშიც შეწყალების კომისია ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერდა და ასევე, მათ, შეწყალებისთვის პატიმრობის სავალდებულო სასჯელი არ ჰქონდათ მოხდილი.
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული პირები პრეზიდენტმა 2008 წელს შეიწყალა და მათ სასჯელი გაუნახევრდათ. სწორედ ამის შემდეგ შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით განთავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება და ისინი განთავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან დაპატიმრებიდან 3 წლისა და 9 თვის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები