“ქართველ მუსლიმთა კავშირი“ განათლების სამინისტროს მოხეს სკოლაში მომხდარის სიღრმისეულად შესწავლისკენ მოუწოდებს

„ქართველ მუსლიმთა კავშირი“ მოხეს სკოლის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მოგვარების ერთადერთ გზად დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას მიიჩნევს და განათლების სამინისტროს ფაქტის სიღრმისეულად შესწავლისკენ მოუწოდებს.
როგორც „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პრობლემა უფრო ღრმა და კომპლექსურია, ვიდრე სკოლის მოსწავლეების გაფიცვა ან სოფელ მოხეს საჯარო სკოლის დირექტორის მხრიდან სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის გამოვლენა.
„ქართველი მუსლიმების სახელით მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის საკითხებში სოფიო შამანიდს, რომელიც ადგილზე გაეცნო შექმნილ ვითარებას და შეხვდა მოხეს საჯარო სკოლის მოსწავლეებს. იმედს გამოვთქვამ, რომ ამ ნაბიჯს პოზიტიური შედეგები მოყვება. იმედს ვიტოვებთ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაინტერესდება დირექტორის კომპეტენტურობით და რელიგიური მოტივით მომხდარი სხვა დისკრიმინაციული ქმედებების მსგავსად, არ მოხდება ამ შემთხვევის დავიწყება სათანადო რეაგირების გარეშე.
ვფიქრობთ, რეგიონში პრობლემების მოგვარებისათვის აუცილებელია, გათავისუფლდეს მოხეს საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან, დაუბრუნდეს სოფელ მოხეში არსებული მეჩეთი მუსლიმებს, გამოძიებული იქნას აქამდე მომხდარი ფაქტები და მიეცეს სამართლიანი სამართლებრივი შეფასება. ვფიქრობთ, ეს იქნება ერთგვარი პრევენცია, შესაძლო დაძაბულობისა და შემდგომში მოსალოდნელი რადიკალიზაციის აღმოსაფხვრელად.
აქვე, მუსლიმებს მოვუწოდებ, განაგრძონ მათთვის დამახასიათებელი სიმშვიდით, შეუპოვრობით და გამძლეობით ბრძოლა თავიანთი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზებისათვის და ამ ბრძოლაში მოწინაღმდეგეებისგან განსხვავებით, ისარგებლონ იმ ფარგლებით, რომელსაც მათ კანონი უწესებს“, – აღნიშნულია „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ განცხადებაში, რომელსაც ხელს კავშირის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე აწერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები