საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ საქველმოქმედო გალაკონცერტის მონაწილეებს უმასპინძლეს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ პრეზიდენტის სასახლეში ფონდი „ნატვრის ხის” ორგანიზებით დაგეგმილი საახალწლო, საქველმოქმედო გალაკონცერტის მონაწილეებს უმასპინძლეს.
კონცერტი, რომლიდანაც შემოსული თანხა მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება, დღეს, 21:30 საათზე, თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
გიორგი მარგველაშვილმა სასახლეში კონცერტის ორგანიზატორს, მეცოსოპრანო ნინო სურგულაძეს და კონცერტის მონაწილე უცხოელ შემსრულებლებს სიტყვით მიმართა და საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა მივესალმო ქალბატონ ნინოს და მადლობა ვუთხრა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სახელით, იმისთვის რასაც აკეთებს ჩვენი ბავშვებისთვის, ვისაც დახმარება სჭირდება.
მინდა მივესალმო იმ ადამიანებს, ვინც გაერთიანდა ყველაზე მაღალი ღირებულების – ჰუმანიზმის ირგვლივ და ჩამოვიდა ჩემს სამშობლოში იმისთვის, რომ დაეხმაროს ბავშვების ჯანმრთელობას.
თქვენ ხართ ის ადამიანები, რომელიც ყველაზე მაღალ ჰუმანურ ღირებულებას ემსახურებით და ამავე დროს, ჩვენ ამ სამსახურის მაგალითს გვაძლევთ.
დღეს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება ეს არაჩვეულებრივი კონცერტი, რომლითაც მთელი ქართული საზოგადოება იზეიმებს ხელოვნების უნარს დაძლიოს ტკივილი, დაძლიოს ავადმყოფობა და შექმნას ჰუმანიზმის არაჩვეულებრივი პრეცედენტები. კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენგანს მადლობა ამ ნაბიჯისთვის”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები