პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, მომავალი წლიდან, გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნის აღდგენა დაიწყება

“პროექტი „ახალი ტფილისი“ 2017 წელსაც გაგრძელდება და მეორე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილია ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების აღდგენა-რეაბილიტაცია“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, როგორც ნარმანიამ აღნიშნა, უკვე დაწყებულია ნარიყალას ციხე-სიმაგრის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, დაწყებულია აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ისტორიული ბაღების ერთმანეთთან დამაკავშირებელი პროექტის განხორციელება.
„2017 წლიდან ინტენსიური სამუსაოები იგეგმება ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედანზე. გაგრძელდება ნარიყალას ისტორიული ციხესიმაგრის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ჩვენ სულ ახლახან დავიწყეთ“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა ისაუბრა ასევე 2016 წლის მნიშვნელოვან პროექტებზე. თბილისის მერმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად ახალი ავტობუსები დაასახელა.
მისი ინფორმაციით, მარტის ბოლომდე დედაქალქში მთლიანად ახალი ავტობუსები იმოძრავებს.
„ჩვენი მმართველობის ერთ-ერთი საამაყო პროექტი ახალი ავტობუსების შემოყვანის პროექტია, რომლის განხორციელებაც სწორედ 2016 წელს დაიწყო. პირველი 10 ავტობუსი, ჩვენ მივიღეთ ოქტომბრის დასაწყისში, მას დაემატა 15 ერთეული ახალი ავტობუსი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მივიღეთ და იანვრის დასაწყისში 51-ე ნომერ ავტობუსის რეისით ივლის. ასევე შემდგო პარტიებსაც ეტაპობრივად მივიღებთ და მარტის ბოლომდე მთლიანად ახალი ავტობუსები შემოვა“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები