„რუსეთი ვერც უკრაინას და ვერც საქართველოს ვერ შეაცვლევინებს ევროპულ არჩევანს"

საქართველოს პარლამენტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე კიდევ ერთი განცხადება მიიღო. პარლამენტი სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინელი ხალხის მისწრაფებას, გახდეს თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე დამყარებული ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. “კვირა“ უცვლელად გთავაზობთ განცხადებას:
“საქართველოს პარლამენტი უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს ბოლო დღეებში უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო, რამაც ადამიანების დაღუპვა და ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ უკრაინელ ხალხს. საქართველოს პარლამენტი გმობს ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებასა და ვითარების ესკალაციას, რამაც შესაძლებელია ქვეყანა ფართომასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანოს. საქართველოს პარლამენტი იზიარებს ევროპის კავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაკეთებული განცხადების სულისკვეთებას და მიაჩნია, რომ ძალის გამოყენება და დაძაბულობის ზრდა ქვეყანას ვერ გამოიყვანს პოლიტიკური კრიზისიდან. ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, მხოლოდ დიალოგის გზით მონახონ გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან. ამ პროცესში უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრება უკრაინის ხელისუფლებას, რომელმაც ყველა ღონე უნდა იხმაროს შექმნილი კრიზისის დაძლევის მიზნით ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან დიალოგის დაწყებისათვის და ვითარების განმუხტვისათვის. საქართველოს პარლამენტი სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინელი ხალხის მისწრაფებას, გახდეს თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე დამყარებული ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და დარწმუნებულია, რომ რუსეთი ასოცირების შეთანხმებაზე უარის თქმის იძულების გზით, ვერც უკრაინას და ვერც საქართველოს ვერ შეაცვლევინებს ევროპულ არჩევანს”, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები