რამაზ საყვარელიძე: საქართველო ამიერკავკასიაში ყველაზე ნაკლებად მწვავე ქვეყანაა
ექსპერტ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, უსაფრთხოების კუთხით, საქართველო ამიერკავკასიაში ყველაზე ნაკლებად მწვავე ქვეყანაა.
მისი თქმით, საქართველოსთვის ტრადიციული უსაფრთხოების პრობლემა რუსეთია, რადგან ქვეყანა ტრადიციულად, რუსული აგრესიის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი იყო.
„ჩვენთან კონფლიქტები ჩვენშივეა და მხოლოდ რუსეთთან გვაქვს კონფლიქტი, რადგან ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. უფრო რთული მდგომარეობა აქვთ აზერბაიჯანსა და სომხეთს, რადგან მათ ერთმანეთთანაც კონფლიქტი აქვთ და ამ კონფლიქტში ჩართულია რუსეთიც, შესაბამისად, საქართველო ამიერკავკასიის რეგიონში ყველაზე ნაკლებად მწვავე ქვეყანაა“,- განაცხადა საყვარელიძემ.
რაც შეეხება ტერორიზმის საფრთხის თვალსაზრისით, საყვარელიძის განმარტებით, საქართველო ჯერჯერობით ტერორისტებისთვის თვალშისაცემი და მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა ექსპერტი საქართველოში ცალკეული ტერორისტული აქტების განხორციელების ალბათობას არ გამორიცხავს, მათ შორის, სატრანზიტო და ტურისტული კუთხითაც.
„საქართველოს ტურიზმზე დიდი აქცენტი აქვს გადატანილი. თუ ტურისტული ქვეყანა გავხდით და ტურისტების დიდმა ნაკადმა თავი მოიყარა, გამორიცხული არ არის, ტერორისტების ყურადღება ამანაც მიიზიდოს, რადგან ისინი ფაქტობრივად, ტურისტებზე ნადირობენ. დროებით ვართ დაცული ტერორისტებისგან, რადგან თვალში საცემი არ ვართ, მაგრამ როგორც კი მნიშვნელოვანი გავხდებით, ამ თვალსაზრისით არცერთი სახელმწიფო დაცული არ არის“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.