გია ვოლსკი: არც ქუთაისელი და არც თბილისელი იქნება იმის წინააღმდეგი, რომ პარლამენტმა გამართულად იმუშაოს

”არც ქუთაისელი და არც თბილისელი იქნება იმის წინააღმდეგი, რომ პარლამენტმა გამართულად იმუშაოს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
ვოლსკის ინფორმაციით, პარლამენტის გადმოტანის საკითხი საკონსტიტუციო კომისიის განსახილველი თემა უნდა იყოს. მისივე თქმით, ამ საკითხის რამე სკანდალთან დაკავშირება არის შეუსაბამო და უსაფუძვლო. როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ეს თემა უნდა იყოს განხილული, რადგან არსებობს სხვადასხვა მოსაზრება.
”არც ქუთაისელი და არც თბილისელი იქნება იმის წინააღმდეგი, რომ გამართულად იმუშაოს პარლამენტმა. მაგრამ მე თვითონ პირადად ვერ ვხედავ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის აუცილებლობას და საჭიროებას”, – განაცხადა გია ვოლსკიმ და დასძინა, რომ წინა პლანზე ეს საკითხი არ დგას.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრაზე მსჯელობას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც საკონსტიტუციო კომისია შეიკრიბება.
კითხვაზე, ხარჯების შეკვეცის ფარგლებში პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრა ხომ არ დადგება დღის წესრიგში, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამის განსაზღვრას საკონსტიტუციო თანხმობა სჭირდება. ”ამ საკითხზე მსჯელობას მას შემდეგ დავიწყებთ, რაც საკონსტიტუციო კომისია შეიკრიბება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები