გია ხუხაშვილი: დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკა ბანკირების მენტალიტეტზეა მორგებული

„დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკა ბანკირების მენტალიტეტზეა მორგებული. მათთვის ამოსავალი წერტილი ფულია!“ – ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, ზოგადად ლარის გაუფასურება გარე ფაქტორებზე მოქმედებს, თუმცა ის რაც 2-3 თვეში ლართან მიმართებაში ხდება, გარე ფაქტორებს არ უკავშირდება. როგორც ექსპერტი გამოცემასთან ინტერვიუში აცხადებს, იგი გიორგი კვირიკაშვილის გულშემატკივარია, მაგრამ მის ადგილზე ყოფნა ნამდვილად არ სურს.
„გიორგი კვირიკაშვილის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ მისი რიტორიკა სიმართლეს არ შეესაბამება. რა თქმა უნდა ლარის კურსზე გარე ფაქტორები მოქმედებს, მაგრამ ის, რაც ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში ხდება, ამის განმაპირობებელი გარე ფაქტორები არ არის. უკანასკნელ პერიოდში ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან დაკავშირებით არაფერი ხდება, პირიქით რუსული რუბლი, რომელზეც ხელისუფლება აპელირებდა, გამყარდა. როგორც ჩანს, კვირიკაშვილმა არ იცის ან მას არასწორ ინფორმაციას აწვდიან. ნამდვილად არ ვისურვებდი ახლა მის ადგილზე ყოფნას. სამწუხაროდ, პრაქტიკულად არაფერი კეთდება შიდა წარმოების განსავითარებლად. დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკა ბანკირების მენტალიტეტზეა მორგებული. მათთვის ამოსავალი წერტილი ფულია! მიმაჩნია, რომ ხელისუფლების ცნობილი ინიციატივა იპოთეკარებთან დაკავშირებით ფრიად სახიფათოა. ბანკებს იპოთეკარების სახით ბევრი არაგადამხდელი ჰყავთ და, პირველ რიგში ფულს უიმედო იპოთეკარებში ჩადებენ, რომლებსაც რაც არ უნდა შეღავათი დაუწესო, ვერ გადაიხდიან და საბოლოოდ მაინც დაკარგავენ უძრავ ქონებას, ანუ რეალურად იპოთეკარების პრობლემა მაინც არ გადაწყდება და ბანკების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება კიდევ უფრო გაძლიერდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სერიოზული რისკების წინაშე ვდგავართ და საბოლოოდ, შესაძლოა გიორგი კვირიკაშვილზე გადატყდეს ჯოხი!” – ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები