შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა 2016 წლის ანგარიში წარადგინა

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა 2016 წელს გაწეული საქმიანობის შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილა თბილისში დღეს გამართულ კონფერენციაზე.
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მთლიანი ბიუჯეტი 32 მილიონ ლარს აჭარბებს. მათ შორის, ადმინისტრაციული ხარჯებისთვის 1.6 მილიონი ლარია გაწერილი (მთლიანი ბიუჯეტის 4.99%). ფონდის პროგრამული ხარჯები 30.5 მილიონ ლარს აჭარბებს. ფონდის ბიუჯეტის შესრულება 16 დეკემბრისთვის 83,88%-ს შეადგენს.

2016 წელს ყველაზე დიდი თანხა, პრიორიტეტად აღიარებულ სამეცნიერო კვლევებზე დაიხარჯა, რაც დაახლოებით 5 მილიონამდე ლარს აღწევს.

“პირველს” განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამაზ მარსაგიშვილმა უთხრა, რომ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის უმთავრესი ამოცანა საქართველოში განათლების დონის ამაღლებაა.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე. საქართველოში ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ბოლოს მიღებული იყო კანონი , რომლის მიხედვითაც მეცნიერება შეიძლება ფინანსდებოდეს ორი სხვადასხვა წყაროს გავლით – პროგრამული და საგრანტო დაფინანსებით. პროგრამულ დაფინანსებას ანხორციელებს სამინისტრო, იმ სამინისტროთა კვლევით დაწესებულებეში, რომლებიც გადაურჩა მძიმე პერიოდს და შეძლეს დამტკიცება, რომ არიან ჩამოყალიბებული კოლექტივები, რომელთა საქმიანობა უკავშირდება განათლების დონის აწევასა და ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. გარდა ამისა, არსებობს მსოფლიოში მიღებული საგრანტო დაფინანსებაც, როდესაც გარკვეული საკითხისათვის გამოიყოფა საკმაოდ დიდი ბიუჯეტი პროგრამულ დაფინანსებასთან შედარებით, ეს თანხა კი ხმარდება მწვავე საკითხების გადაჭრას, როგორც ფუნდამენტურ, ასევე გამოყენებით დარგში”, – უთხრა “პირველს” მარსაგიშვილმა.

“პირველთან” საუბარში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მარინე ჩიტაშვილმა აღნიშნა, რომ მთავარი სიახლე უცხოელ პარტნიორებთან ერთად საქართველოში თანადაფინანსების სქემების შემოტანაა.

“კონფერენციის მიზანია, ფონდის მიერ აქტივობების წარდგენა აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისათვის. ძირითადი აქცენტები არის იმაზე, თუ რა ცვლილებები შევიტანეთ ფონდიში. ნებისმიერი ორგანიოზაცია ვალდებულია იყოს გამჭირვალე. ბიუჯეტი იგივე რჩება, რაც წელს იყო, ზრდა არ მომხდარა. ძირითადი სიახლეა უცხოელ პარტნიორებთან ერთად თანადაფინანსების სქემების შემოტანა, რომლის კვალობაზეც ჩვენ ველოდებით, რომ რამოდენიმე მილიონი ევრო შემოვა საქართველოში მეცნიერების განვითარებისთვის, კონკრეტულად, ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერისათვის”, – თქვა მარინე ჩიტაშვილმა.

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის ბრძანების საფუძველზე დაარსდა, როგორც საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) უფლებამონაცვლე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობა მიმართულია მეცნიერების დაფინანსებისათვის განკუთვნილი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველსაყოფად, მეცნიერების დაფინანსების ერთიანი სისტემის შექმნისა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებისკენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები