საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი კიდევ ორი წლით გახანგრძლივდა

ევროკავშირის საბჭოს მისიამ საქართველოში მანდატი კიდევ 2 წლით გაახანგრძლივა.
მანდატი 2018 წლის 14 დეკემბრამდე გაგრძელდება. ამასთან, სადამკვირვებლო მისიისთვის 2016 წლის 15 დეკემბრიდან 2017 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდისთვის 18 მილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტი დამტკიცდა.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხელს უწობს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კონფლიქტის მხარეებს შორის სტაბილიზაციას, ნორმალიზაციასა და ნდობის აღდგენას.
სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია მონიტორინგს უწევს მხარეების ქმედებებს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით შემუშავებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებას. ინფორმაციას საბჭოს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში ვითარება შედარებით სტაბილურია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კონტრიბუცია საკვანძო რჩება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ წარმატებით დაიწყო რამდენიმე მცირე პროექტი, მხარეებს შორის ნდობის აღსადგენად. ის, ასევე, ხედავს მნიშვნელოვან პოზიტიურ განვითარებას გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენით.
“ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს კონფლიქტის დარეგულირების ძალისხმევას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის ფარგლებში, ასევე, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების მონაწილეობით”, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები