მადნის დატაცების საქმეზე შესაძლოა კიდევ არაერთი პირი დააკავონ-გამოძიება გრძელდება

“მადნის დატაცების საქმეზე შესაძლოა კიდევ არაერთი პირი დააკავონ“,-ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომელიც ჭიათურაში მადნის მოპოვების ექსკლუზიურ ლიცენზიას ფლობს, სამართალდამცველ ორგანოებს მიმართა, რათა ჭიათურაში მადნის დამტაცებელთა უკანონო საქმიანობით დაინტერესებულიყვნენ. საუბარია მანგანუმის უკანონო მოპოვების ფაქტებზე, რის შედეგადაც, ერთი მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონობით ლარს უმალავენ, მეორე მხრივ კი, ჭიათურის არცთუ ისე სახარბიელო ეკოლოგიას კიდევ უფრო კატასტროფულ მდგომარეობაში აგდებენ.
სტატიის თანახმად, ექსკლუზიური ლიცენზიით კონკრეტულად არის გათვალისწინებული, რა ოდენობის მადანს მოიპოვებენ „ჯორჯიან მანგანეზი“ და მისი კონტრაქტორი კომპანიები, შესაბამისად, ამის მიხედვით ხდება ბიუჯეტთან ანგარიშსწორებაც. გარდა ამისა, კომპანია ვალდებულია, მანგანუმის მოპოვების შედეგად დაზიანებული ლანდშაფტი აღადგინოს. „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ მათ მიერ ეს ვალდებულებები სრულდება, თუმცა მადნის უკანონოდ მომპოვებელი კომპანიების მიერ უკვე შეიქმნა უკიდურესად რთული ვითარება, როგორც საბიუჯეტო სახსრების დამალვის, ისე ეკოლოგიური ვითარების მხრივ.
„პრაიმტაიმი“ დეტალების დასაზუსტებლად საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, გიორგი გრძელიშვილს დაუკავშირდა.
„ამ საქმეზე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაკავებული არიან ლაშა საღარეიშვილი და ზვიად კუპატაძე.
დადგენილია, რომ აღნიშნულ საქმეზე რამდენიმე დღის წინ დაკავებული გიორგი ნინიკაშვილი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი ბრალდებული პირები ჩართულები იყვნენ დანაშაულებრივ სქემაში, რომლის მიხედვითაც ლიცენზიის გარეშე მოიპოვებდნენ მანგანუმის მადანს და მისგან იღებდნენ მანგანუმის კონცენტრატს. მისი რეალიზაციისა და წარმომავლობის შენიღბვის მიზნით კი, დაფუძნებული ჰქონდათ შპს „ტრანს მანგანუმი“, შპს „ლარე“, შპს „ლგლ“, შპს „ნიგი“, შპს „ტექნოლოჯი“, შპს „გეორგიან ნანო ტექნოლოგი +“. აღნიშნულ საწარმოებს შორის, ფიქციური ოპერაციების მეშვეობით, ნიღბავდნენ მანგანუმის კონცენტრატის წარმომავლობას და ახდენენ მის რეალიზაციას. დაკავებულებმა უკანონოდ მოპოვებული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიიღეს ათეულობით მილიონი ლარის უკანონო შემოსავალი. საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებული პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა“,-განაცხადა გრძელიშვილმა.
როგორც „პრაიმტაიმს“ გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა ნინო ჩხობაძემ განუცხადა, სახელმწიფომ უფრო აქტიურად უნდა გამოიყენოს ის ბერკეტები, რომელიც მას თვითნებურად მოქმედი კომპანიების წინააღმდეგ აქვს.
„ეს სფერო საკმაოდ სანქცირებულია. ჭიათურაში ძირითადად მოქმედებენ ლიცენზიატები. იქ მადნის უკანონოდ მოპოვება დასჯადი ქმედებაა და სახელმწიფოს აქვს ყველანაირი ბერკეტი, აღკვეთოს ასეთი უკანონობა. კარგი იქნება, თუ ამ ბერკეტებს უფრო ეფექტურად გამოიყენებს. თქვენ იცით, რომ მანგანუმის მოპოვებაზე ექსკლუზიურ ლიცენზიას ფლობს „ჯორჯიან მანგანეზი“, რომელსაც ჰყავს თავისი ქველიცენზიატები. შესაბამისად, ამ კომპანიას შეუძლია, გამოავლინოს უკანონო მოპოვების ფაქტები და შესაბამისი უწყებებისგან მოითხოვოს ადეკვატური რეაგირება“,-აღნიშნა ჩხობაძემ.
მადნის დატაცების საქმეზე შესაძლოა კიდევ არაერთი პირი დააკავონ – გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები