45 სკოლაში სასმელი წყალი დაბინძურებულია
“სკოლებში სასმელი წყალი დაბინძურებულია“ – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ სახალხო დამცველის მიერ სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ კვლევებზე დაყრდნობით აქვეყნებს.
როგორც სტატიაში წერია, იმ 45 სკოლიდან, სადაც სასმელი წყლის სინჯი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ შეესაბამება, ყველა რეგიონში მდებარეობს. კვლევა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2015-2016 წლებში ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ სკოლების ჩამონათვალი თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს: სამეგრელოს, აჭარას, იმერეთს, შიდა ქართლს, კახეთს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ერთსა და იმავე ქალაქში წყლის პრობლემა რამდენიმე სკოლას აქვს. მაგალითად, ზუგდიდში, სასმელი წყალი, ტექნიკური რეგლამენტით გაწერილ მოთხოვნებს 6 სკოლაში არ შეესაბამება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოჩენილი დარღვევები ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის. „პრაიმტაიმი“ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსს კახა სოხაძეს ესაუბრა. გაირკვა, რომ 45-ვე სკოლას, სადაც სასმელი წყლის სინჯი არ შეესაბამებოდა კანონით გაწერილ რეგულაციებს, დაეგზავნა რეკომენდაციები და მითითების შესრულების მონიტორინგი ამ დრომდე ხორციელდება.
„ეს დარღვევები არ წარმოადგენდა პათოგენური მიკროორგანიზმებით გამოწვეულ დარღვევებს. მაქსიმალური ალბათობით ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ობიექტურად რომ განვიხილოთ, ამ სკოლებში მოწამვლის შემთხვევებიც არ ყოფილა. ყველა ასეთ დარღვევაზე, შესაბამისი პასუხისმგებელი უწყების მიმართ, რეკომენდაციაა გაცემული, ეს იქნება კომპანია, სკოლა თუ ადგილობრივი თვითმმართველობა.
ეს დარღვევები გრანდიოზულ სამუშაოებს არ ითხოვს. რა თქმა უნდა, რეაგირება ძალიან სწრაფად მოხდა, რადგან საქმე ბავშვების ჯანმრთელობას ეხება. ეს დარღვევები კი ძირითადად აღმოჩენილია ზაფხულში და ამ პერიოდში სასწავლო პროცესი ან შეჩერებული იყო ან ჩერდებოდა,“ – განაცხადა გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში კახა სოხაძემ.