პროკურორი: დავით დევნოზაშვილმა ირაკლი გედენიძეზე მუქარა ფოტორეპორტიორის გათავისუფლების შემდეგაც განახორციელა

„კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დავით დევნოზაშვილმა ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძეზე ზეწოლა და მუქარა ფოტოგრაფების გათავისუფლების შემდეგაც განახორციელა”, – ამის შესახებ ე.წ. ფოტოგრაფების საქმის პროკურორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხადა.
როგორც სასამართლო პროცესზე ემზარ გაგნიძემ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობის დაყენებისას განაცხადა, 2011 წელს, როდესაც ფოტოგრაფები საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, გათავისუფლდნენ, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მათ ტელეფონები გადასცა, რათა ისინი მუდმივ კონტაქტზე და კონტროლზე ჰყოლოდა.
“გარკვეული პერიოდის შემდეგ, ირაკლი გედენიძემ ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ ჟურნალისტს და ზოგადად მისი საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ამის შემდეგ დევნოზაშვილმა დაურეკა გედენიძეს და უთხრა, რომ თუ ინტერვიუ სადმე გავიდოდა, რაც მომავალში მოუვიდოდა, თავისი თავისთვის დაებრალებინა. ამ მუქარამ გედენიძეზე იმოქმედა და მისი თხოვნის შემდეგ ინტერვიუ არ გამხდარა საჯარო”, – განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, დავით დევნოზაშვილს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გამოქვეყნების მუქარით ჟურნალისტის დაშანტაჟების გამო, აჭარის პროკურატურაც ედავება, რასთან დაკავშირებითაც ამჟამად სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, არსებობს საფრთხე, რომ თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში, ბრალდებულმა სცადოს მტკიცებულებების განადგურება, ასევე, ზემოქმედება მოახდინოს როგორც დაზარალებულებზე, ისე მოწმეებზე, რომელთაგან უმეტესობა წარსულში მისი ხელქვეითი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები