მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგშია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკრაინის დელეგაციის მხრიდან საქართველოს საკითხის განხილვის ინიციატივას გამოეხმაურა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით შესაბამის ფორმატებში საქართველოს პრობლემატიკის დღის წესრიგში არსებობა საქართველოს დიპლომატიური კორპუსის აქტიურობის შედეგია.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუშინ უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოს საკითხის დაყენება და ის მხარდამჭერი პოზიციები, რომელიც გამოიხატა უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების მხრიდან. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის თემა, რუსეთის ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად დღეს საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგშია. მივესალმებით, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ფარგლებშიც მოხდა მისი განხილვა ” – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

როგორც გაეროში საქართველოს მისია იტყობინება 6 დეკემბერს გაიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული კონსულტაციები, რომელსაც მხოლოდ უშიშროების საბჭოს წევრი სახელმწიფოები ესწრებოდნენ. პარტნიორებთან ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად უშიშროების საბჭოს დახურული კონსულტაციების ფარგლებში სხვადასხვა საკითხების განხილვისას უკრაინის დელეგაციამ, რომელიც უშიშროების საბჭოში წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ჯგუფის ქვოტით (საქართველო ამ ჯგუფის წევრია) წამოჭრა საკითხი რუსეთის ფედერაციის მხრიდან სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით დადებული ე.წ. „შეთანხმების” რატიფიკაციის თაობაზე, დაგმო რუსეთის ქმედებები და შეაფასა, როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები ასევე გაკეთდა სხვა პარტნიორი სახელმწიფოების მიერ. უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან არცერთ წევრ სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციის გარდა, არ გამოუხატავს საწინააღმდეგო პოზიცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები