“ვარაუდები, თითქოს ”ქართული ოცნება” არ არის ისეთი პროდასავლური, როგორც ჩვენი წინამორბედები, რეალობისგან ძალიან შორს არის”

”რით განვსხვავდებით ჩვენ? იმით, რომ ჩვენ უფრო პრაგმატულები ვართ და ვცდილობთ რუსეთთან ურთიერთობებში დაძაბულობის დეესკალაციას. რატომ ვაკეთებთ ამას? იმიტომ, რომ უზრუნველვყოთ სათანადო სტაბილურობა რეგიონში”-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოცემა POLITICO-ს ჟურნალისტ დევიდ ჰერცენჰორნთან ინტერვიუში განაცხადა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ჟურნალთან მიცემულ ინტერვიუში მოლდოვასა და ბულგარეთში ბოლოს ჩატარებულ არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმისთვის თუ საით იხრება ამ ქვეყნების პოლიტიკური კურსი, საჭიროა დასკვნები მათ მიერ მომავალში გადადგმული ნაბიჯების შედეგ გაკეთდეს. გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტ დევიდ ჰერცენჰორნთან „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებულ განსხვავებებზე ისაუბრა.
” ვარაუდები, თითქოს ”ქართული ოცნება” არ არის ისეთი პროდასავლური, როგორც ჩვენი წინამორბედები, რეალობისგან ძალიან შორს არის. რით განვსხვავდებით ჩვენ? იმით, რომ ჩვენ უფრო პრაგმატულები ვართ და ვცდილობთ რუსეთთან ურთიერთობებში დაძაბულობის დეესკალაციას. რატომ ვაკეთებთ ამას? იმიტომ, რომ უზრუნველვყოთ სათანადო სტაბილურობა რეგიონში, პირველ რიგში, ვიყოთ თანმიმდევრული დასავლეთთან, ევროკავშირსა და ნატო-სთან მიმართებით და, რა თქმა უნდა, შევქმნათ ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელი სტაბილურობა.
რასაკვირველია, ჩვენ გვინდა ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ ამისთვის აუცილებელი პირობაა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ქართული მხარე თვლის, რომ ე.წ. თანამშრომლობის შესახებ სხვადასხვა შეთანხმების ხელმოწერით ხორციელდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი შთანთქმა რუსეთის პოლიტიკური, სამხედრო და ბიუროკრატიული სივრცის მიერ.
”რასაკვირველია, ეს ძირს უთხრის სტაბილურობას რეგიონში. მიუხედავად ამისა, ჩვენ განუხრელად ვაგრძელებთ ჩვენი პრაგმატული დეესკალაციის პოლიტიკის გატარებას, რადგან ვაცნობიერებთ, რომ არ არსებობს ამ კონფლიქტის მოგვარების სამხედრო გზა. ეს ძალიან რთული საკითხია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები