გიორგი მარგველაშვილი ურუგვაის პრეზიდენტ ტაბარე ვასკესის შეხვდა

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ურუგვაის პრეზიდენტ ტაბარე ვასკესის შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტმა ურუგვაის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. გიორგი მარგველაშვილმა ასევე მადლიერება გამოხატა ურუგვაის მიმართ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს რეზოლუციიის მხარდაჭერისათვის, რომლითაც გაეროს წევრი ქვეყნები აღიარებენ საქართველოში ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლებას და აღნიშნა, რომ ურუგვაის ამ მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოსათვის ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნებში მსგავსი მხარდაჭერის მოსაპოვებლად. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო დაინტერესებულია ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებით, მათ შორის ტურიზმისა და ბიზნესის სფეროებში. საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა გაფართოვდება, რაც ხელს შეუწყობს საერთო ინტერესის სფეროებში ურთიერთობების გააქტიურებას. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, ეს იყო საქართველოს და ურუგვაის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა.
,,შეხვედრა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს იყო პირველი შესაძლებლობა, რომ ლიდერები გასაუბრებოდნენ ერთმანეთს. ურუგვაის პოზიცია ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების კონტექსტში. განიხილეს ძალიან კონკრეტული საკითხები, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ტურიზმისა და ვაჭრობის განვითარებას, ცნობადობის ამაღლებას და ასევე, რეგიონულ თანამშრომლობას”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები