ჯანელიძე ტუსკის წერილზე: კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხის პრიორიტეტულობას

 

ამ წერილით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხის პრიორიტეტულობას, როგორც ევროპული ინსტიტუტებისთვის, ასევე ზოგადად ევროპული პოლიტიკისთვის – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დონალდ ტუსკის წერილის კომენტირებისას განაცხადა.
„პირველ რიგში არ მინდა არანაირი კომენტარი გავაკეთო ევროკავშირის ინსტიტუტების შიგნით მიმდინარე მოლაპარაკებებზე და დისკუსიაზე. მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ წერილით რომელიც გასაჯაროვდა, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხის პრიორიტეტულობას, როგორც ევროპული ინსტიტუტებისთვის, ასევე ზოგადად ევროპული პოლიტიკისთვის“, – განაცხადა ჯანელიძემ. მისი განცხადებით ეს ასევე დადასტურდა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე, სადაც ცალსახად დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან. “საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ეს წარმოადგენს ევროპული პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. დარწმუნებული ვარ ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერით და ინტერესით ეს პროცესი მალე დასრულდება”-აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებში აქტიურად მიმდინარეობს ე.წ. შეჩერების მექანიზმზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი და როგორც მიხეილ ჯანელიძემ დასძინა ნატოს მინისტერიალის ფარგლებში კოლეგა მინისტრებთან გამართული შეხვედრების დროს, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხის პარალელურად განხილვის ერთ-ერთი თემა სწორედ ვიზალიბერალიზაციაა და საქართველოს ამ პროცესში აქვს პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოების სრული მხარდაჭერა. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ევროპარლამენტის პრეზიდენტს საქართველოსა და უკრაინისათვის უვიზო რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით წერილით მიმართავს. როგორც ტუსკი წერილში აღნიშნავს ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისი თქმით, აღნიშული საკითხის გადაწყვეტა ევროკავშირის რეპუტაციას ეხება. „მაშინ, როდესაც ამ წერილს ვწერ, უკრაინისა და საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი სადაცაა მიღებული იქნება. ამჟამად ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ევროპარლამენტი განიხილავენ ე.წ. “შეჩერების მექანიზმს“, მაგრამ რაც ამ ფსონზე დევს, ამ პროცესის ფარგლებში გაცილებით მეტია, ვიდრე ევროკავშირის პოლიტიკურ სისტემაში ძალთა ბალანსის საკითხი. ფსონზე დევს ჩვენი მეზობელი ერების ლეგიტიმური იმედები და მისწრაფებები, ასევე ევროკავშირის რეპუტაცია“, – წერს დონალდ ტუსკი თავისი წერილის დასაწყისში. ტუსკის განმარტებით, პარტნიორმა ქვეყნებმა დიდი ძალისხმევა გასწიეს რეფორმების გასატარებლად, რაც ხშირად რისკის ფასად უჯდებოდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები