დონალდ ტუსკი მარტინ შულცს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე წერილს უგზავნის

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ევროპარლამენტის პრეზიდენტს საქართველოსა და უკრაინისათვის უვიზო რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით წერილით მიმართავს. როგორც ტუსკი წერილში აღნიშნავს ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მისი თქმით, აღნიშული საკითხის გადაწყვეტა ევროკავშირის რეპუტაციას ეხება.
„მაშინ, როდესაც ამ წერილს ვწერ, უკრაინისა და საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი სადაცაა მიღებული იქნება. ამჟამად ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ევროპარლამენტი განიხილავენ ე.წ. “შეჩერების მექანიზმს“, მაგრამ რაც ამ ფსონზე დევს, ამ პროცესის ფარგლებში გაცილებით მეტია, ვიდრე ევროკავშირის პოლიტიკურ სისტემაში ძალთა ბალანსის საკითხი. ფსონზე დევს ჩვენი მეზობელი ერების ლეგიტიმური იმედები და მისწრაფებები, ასევე ევროკავშირის რეპუტაცია“, – წერს დონალდ ტუსკი თავისი წერილის დასაწყისში.
ტუსკის განმარტებით, პარტნიორმა ქვეყნებმა დიდი ძალისხმევა გასწიეს რეფორმების გასატარებლად, რაც ხშირად რისკის ფასად უჯდებოდათ.
„მათ ეს გამოწვევა მიიღეს იმ მტკიცე რწმენით, რომ ევროკავშირი შეასრულებდა თავის ვალდებულებებსა და დანაპირებს. ნება მიბოძეთ გავიმეორო, რომ რისი დაკარგვის რისკის წინაშეც ვდგავართ, არა მხოლოდ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს, არა მხოლოდ ჩვენს მეზობლებთან ჩვენს მომავალ ურთიერთობებს მოიცავს, არამედ ჩვენდამი ნდობის დაკარგვასაც“, – აცხადებს ტუსკი.
დონალდ ტუსკის თქმით, ამ დებატებში ყველა მხარეს საკუთარი არგუმენტები აქვს, თუმცა უკვე გადაწყვეტილების მიღების დროა.
„მესმის, თუ რატომ ანიჭებთ ასეთ მნიშვნელობას ევროპარლამენტის როლს შეჩერების მექანიზმის შემუშავებაში. ასევე შემიძლია გავუგო ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ თვითონ გადაწყვიტონ, თუ ვინ გადმოკვეთს მათ საზღვრებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მხარეს აქვს საკუთარი არგუმენტები და უთუოდ კეთილი ნება, როგორც ჩანს, ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას ვფლანგავთ.
თუკი ჩვენ ვაპირებთ უვიზო მიმოსვლა რეალობად ვაქციოთ, მტკიცედ დარწმუნებული ვარ, რომ “შეჩერების მექანიზმი“ უნდა იყოს ძლიერი და ეფექტური. შესაბამისად, თუ ჩვენ ვაპირებთ შევინარჩუნოთ ჩვენდამი ნდობა, უნდა ვიპოვოთ ამ პრობლემის მოგვარების უფრო რეალისტური, ვიდრე იდეალური გზა“, -წერს ტუსკი.
მისი შეფასებით, უპატიებელი შეცდომა იქნება თუ ევროკავშირი ძალისხმევას არ გამოიჩენს პროექტის დასასრულებლად.
„ჩვენ უბრალოდ ვერ დავუშვებთ, რომ ისინი, ვინც გვენდო, ჩვენი შიდა უთანხმოების მსხვერპლად ვაქციოთ. მჯერა, რომ ჩვენ „შეჩერების მექანიზმთან“ დაკავშირებით სწრაფ შეთანხმებას მოვძებნით. დრო ჩვენს მხარეს არ არის, თუმცა ჯერ კიდევ შეგვიძლია ამ რბოლაში გამარჯვება“, – წერს დონალდ ტუსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები