აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციური „ამცახარას“ წევრი რუსეთში დააკავეს
თვითაღიარებული აფხაზეთის ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ერთ-ერთი ლიდერი ასლან ბჟანია დააკავეს. „ამცახარას“ განცხადებაში ნათქვამია, რომ სოჭში ადგილობრივმა პოლიციამ ოპოზიციური ძალების ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი, ფონდ „აპრას“ პრეზიდენტი ასლან ბჟანია დააკავა.
განცხადების თანახმად, ბჟანია ფსოუზე რუსეთის საზღვრის გადაკვეთის მომენტში დააკავეს. ოპოზიციონერი ლიდერი ჯერ საზღვარზე შეიყვანეს ერთ-ერთ ოთახში, შემდეგ კი სოჭის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ოპოზიცია ბჟანიას დაკავებაში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუბლების კვალს ხედავს. თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობა ბრალდებებს უარყოფს.
აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრი ასლან კობახი აცხადებს, რომ ბჟანია საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის ბრალდებით დააკავეს, თუმცა დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.
3 დღის წინ ოპოზიციურმა „ამცახარამ“ აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია სახალხო კრების მოწვევით იმუქრება.
ასლან ბჟანია აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა. 2014 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთო, თუმცა დამარცხდა.