მიუახლოვდი, არ მოგეფერება, გენერალი ეგეთი უნდა იყოს – რას ამბობს მაზნიაშვილის ბიუსტის ავტორი

დაუმარცხებელ გენერლად წოდებული, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი, თბილისში მაზნიაშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერში დაიდგა. მოქანდაკე გენადი ზაქარაიას მიერ შექმნილი ქართველი გენერლის სახე, ამ დღეებში, საზოგადოების მხრიდან განსჯის საგნად იქცა და არაერთგვაროვანი შეფასებებიც გაკეთდა.15203402_719780251513415_3295721159962726748_n
ნაწილი ძეგლის მოცულობას აპროტესტებს და მიაჩნიათ, რომ დაუმარცხებელი გენერლისთვის ბიუსტი კი არა, ძეგლი უნდა დაედგათ. ნაწილი მულტფილმის პერსონაჟს ამსგავსებს. გამოითქვა მოსაზრება, რომ მაზნიაშვილის მშობლიურ სოფელ სასირეთში, ვახტანგ ბეჟიტაშვილის მიერ გაკეთებული ბიუსტი ბევრად უკეთესი იყო, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს პოლიტიკური მოსაზრებების გამო აუღიათ.
სხვები კი, სოციალურ ქსელში, სხვა ქვეყნების გენერლების ბიუსტების ფოტოებს აქვეყნებენ და მათ ფოტოებს მაზნიაშვილის ბიუსტს ადარებენ.

როგორც “სითი კვირას” თავად ბიუსტის ავტორმა, მოქანდაკე გენადი ზაქარაიამ განუცხადა, ბიუსტის ჩამოსხმა ძალიან შემჭიდროებულ ვადებში მოუხდა, ამის მიუხედავად, შეეცადა, გენერლის ქანდაკება მაქსიმალურად დაეტვირთა ემოციით და სახასიათო ყოფილიყო.
“გიორგი მაზნიაშვილის აზროვნება, მისი სახე, მისი მრისხანება გვჭირდება დღეს. XXI საუკუნეა უკვე. მომავალი თაობები, რომ შეხედავენ მის აწეულ წარბებს, მის დაჩეხილ შუბლს, აუცილებლად უნდა დაფიქრდნენ, ვინ არის ეს კაციო. ეს არ არის, ხახვის და ნივრის დაჭრა, რასაც ყოველდღე გვაყურებინებენ ტელევიზიები, ეს სულ სხვა რამ არის. ეს ჩემი ტკივილია. გენერალი მრისხანედ იყურება, გაფრთხილდით ახალგაზრდებოო… მიუახლოვდი, არ მოგეფერება, ოფიცერი და გენერალი ეგეთი უნდა იყოს. ის არ არის ტკბილი პაპა. ჩვენ გვჭირდება მაზნიაშვილის მსგავსი მოაზროვნე ადამიანები, რომ გადავრჩეთ,”- მიაჩნია გენადი ზაქარაიას.
მისივე თქმით, ისტორიული პიროვნების ქანდაკებაზე მუშაობა, არ ნიშნავს მისი სახის სრული ასლის შექმნას. ის შინაარსის, იდეის მატარებელი უნდა იყოს. გიორგი მაზნიაშვილის სახის ამგვარად წარმოჩენა, მისი მხრიდან ერთგვარი რისკიც იყო და არც საზოგადოების მხრიდან გამოთქმული კრიტიკა გაჰკვირვებია.15181146_1242449405793198_8418441561826795001_n-e1480607554991
” დამკვეთმა 20 დღის ვადა მომცა. წარმოუდგენელია ამ დროში ქანდაკების გაკეთება. კიდევ კარგი წინასწარ მქონდა ბრინჯაოში ჩამოსხმული. ახლა ბევრს მოეწონება, ბევრს – არა. როცა კამათია, ეს კარგია, როცა არ კამათობენ – ეს არის სასაფლაო,”- აცხადებს მოქანდაკე და დასძენს, რომ მუშაობისთვის მეტი დრო რომ ჰქონოდა, გენერალს სამხრეებსაც გაუკეთებდა, თუმცა მიაჩნია, რომ არც ამით დაუშავებია, რადგან წარბაწეული, მრისხანე ბიუსტის ნახვით, ახალგაზრდა უფრო მეტად დაინტერესდება, ვინ არის გიორგი მაზნიაშვილი.
“კეთილი ინებოს და მომავალმა თაობამ იკითხოს, ვინ არის ეს გენერალი? სამხრეები გამოვტოვე… მოდი, გამოვტოვოთ ეს რაღაცეები და მივცეთ ახალგაზრდებს ფიქრისა და ძიების საშუალება”,- აცხადებს გენადი ზაქარაია.
გენერალი გიორგი მაზნიაშვილი მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, ასევე, რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომში. გიორგი მაზნიაშვილი ჯერ მე-11 არმიის, შემდეგ კი თურქების წინააღმდეგ იბრძოდა, რის შედეგადაც ქართველებმა ბათუმი და მისი ოლქი დაიბრუნეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ემიგრაციაში, საფრანგეთში ცხოვრობდა. 1937 წელს, შვილთან, ივანე მაზნიაშვილთან ერთად დააპატიმრეს და 67 წლის ასაკში, გასამართლების გარეშე დახვრიტეს. მისი საფლავის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.
„მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე ვარ საქართველოს გენერალი!” – ეს სიტყვები გიორგი მაზნიაშვილს ეკუთვნის.

წყარო : city.kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები