დავით ქოქიაშვილი: როგორც მერე გავიგე, გასროლა ბიბილურიძემ განახორციელა

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დავით ქოქიაშვილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხეს.
ქოქოიაშვილი, რომელიც 2006 წელს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში მუშაობდა, აცხადებს, რომ შარდენის ქუჩაზე ალანიას დავალებით მივიდა. მოწმემ დღევანდელ სასამართლოზე გაიხსენა, რომ ლესელიძის ქუჩაზე ყოფნისას, დაინახა მელნიკოვი და საპირისპირო მიმართულებიდან დაინახა სოსო თოფურიძის ავტომანქანა. დავით ქოქიაშვილი აცხადებს, რომ მის მანქანაში ჩასვეს სანდრო გირგვლიანი და ალექსანდრე ბუხაიძე. მოწმე დავით ქოქიაშვილმა განაცხადა, რომ გერონტი ალანიამ უთხრა, რომ დათა ახალაიამ დაურეკა და ღონისძიებაზე იბარებდა.
„ვიფიქრე ჩვეულებრივად დაკავებულები იყვნენ ეს პირები და წავედი სამსახურისკენ, უკვე რუსთაველის გამზირზე რომ ვიყავით, ალანიამ, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა, მითხრა მოატრიალეო. წავედით ოქროყანის მიმართულებით. მოვიდა მეორე ჯგუფიც, მანქანა გავაჩერე და ეს პირები გადმოიყვანეს მანქანიდან, თოვლზე დააწვინეს. ვიკითხე, რა ხდება-მეთქი და მითხრეს, მანქანაში დარჩიო. ამის შემდეგ გავიგე გასროლის ხმა, გადმოვედი მანქანიდან, ბიბილურიძეს დავუძახე, რა ხდება, ხომ მშვიდობაა-მეთქი. მითხრეს კი, ახლავე მოვალთო. გარეთ მოყინული იყო და რომ არ დავვარდნილიყავი, მანქანაში ჩავჯექი. როგორც მერე გავიგე, გასროლა ბიბილურიძემ განახორციელა”, – განაცხადა ქოქიაშვილმა.
მოწმის ჩვენების მიხედვით, მან რამდენიმე დღის შემდეგ გაიგო, რომ ოქროყანაში ახალგაზრდა გარდაცვლილი უპოვიათ და ალანიას ჰკითხა, უკავშირდებოდა თუ არა ეს ფაქტი მათი ოქროყანაში ყოფნის მომენტს. თავდაპირველად ალანიამ უარყო, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ მან ქოქიაშვილს დაუდასტურა ამ ორ ფაქტს შორის კავშირი და უთხრა, რომ არ ენერვიულა, რადგან ყველა საქმის კურსში იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები