ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 72-ე შეხვედრა გაიმართა.
სუს-ის ინფორმაციით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაფიქსირებული ის ინციდენტები განიხილეს, რომელიც პოტენციურად საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ მშვიდობასა და სტაბილურობას.
შეხვედრაზე ასევე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცხინვალის ე.წ. ციხეში, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი გიუნაშვილის საკითხზე იმსჯელეს და დააფიქსირეს, რომ მის მიმართ წაყენებული ,,ბრალდებები” არის უსაფუძვლო, გამოგონილი და შესაბამისად, აუცილებელია გიუნაშვილის უპირობო გათავისუფლება.
შეხვედრაზე საუბარი ასევე წარიმართა იმ პრობლემებზე, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას კვლავაც ექმნება საოკუპაციო ზოლზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ აღმართული მავთულხლართების, ღობეების თუ სხვა ხელოვნური ბარიერების მეშვეობით.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 18 იანვარს გაიმართება.