ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა დაიწყო. შეხვედრის მონაწილეები რამდენიმე საკითხს განიხილავენ.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორის მოადგილემ, კახა ქემოკლიძემ განაცხადა, ქართული მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ცხინვალის ციხეში პატიმრობაში მყოფ საქართველოს მოქალაქის, გიორგი გიუნაშვილის საკითხზე.
“დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარ ინციდენტებს. ცალკე საკითხად განვიხილავთ გიორგი გიუნაშვილის თემას, რომელიც კვალავაც იმყოფება უკანონოდ დაპატიმრებული ცხინვალის ციხეში.
გარდა ამისა, ვისაუბრებთ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც საოკუპაციო ზოლის გასწვრივ აქვს შექმნილი ადგილობრივ მოსახლეობას იმ უკანონო ინსტალაციების მეშვეობით, როგორიცაა მავთულხლართები, ბანერები თუ ღობეები.
რაც შეეხება დაკავებულებს, წინა შეხვედრიდან დღემდე ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით 11 ადამიანი იყო დაკავებული. მათგან პატიმრობაში 2 ადამიანი რჩება”, – განაცხადა ქემოკლიძემ.