ალეპოში არსებული მდგომარეობის გამო საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას მოითხოვს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-მარკ ეირომ სირიის ქალაქ ალეპოში არსებული სიტუაციის განსახილველად გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. „აუცილებელია საბრძოლო მოქმედებების სასწრაფო შეწყვეტა და ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ეირომ.
სირიის სამთავრობო ძალებმა აღმოსავლეთ ალეპოზე შეტევის ოპერაცია ორი კვირის წინ დაიწყო. საომარი მოქმედებების გამო ქალაქის ეს რაიონები 16 ათასმა ადამიანმა დატოვა. გაეროს მონაცემებით, ალეპოში ჯერ კიდევ რჩება 250 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე.