ნინო ჟვანია: კონსერვატორიის უნიჭიერეს სტუდენტს სოციალური დახმარება მოუხსნეს… გული როგორ არ გაგისკდეს?

თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანი ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და კონსერვატორიის ერთ-ერთ სტუდენტზე საუბრობს, რომელსაც სოციალური დახმარება გარკვეული მიზეზების გამო მოუხსნეს.
„კონსერვატორიაში გვყავს ბევრი უკიდურესად გაჭირვებული უნიჭიერესი სტუდენტი… ვიცი, ბატონო, ეს ქვეყნის პრობლემაა, და ამას ამ წუთას არაფერი ეშველება, მაგრამ… სრულიად შემთხვევით გავიგე გუშინ, რომ სოციალურ დახმარებაზე მყოფ ერთ-ერთ სტუდენტს, რომელმაც ერთ-ერთ კონკურსზე პირველი პრემია მოიპოვა და ფულადი ჯილდო (არც თუ ისე დიდი, სხვათაშორის) მიიღო, სოციალური დახმარება მოუხსნეს. ამ სტუდენტს სახლში არც ცხელი წყალი აქვს, არც გათბობა, არც მაცივარი, არც ინტერნეტი, არც ტელევიზორი… და ეს ფულადი პრემია არ ეყო, რომელიმე პრობლემა მოეგვარებინა.
აი, გული როგორ არ გაგისკდეს?! აზრი აქვს ამ კითხვის დასმას? მაგრამ მაინც დავსვამ: რას გვიკეთებს სოციალური მომსახურების სააგენტო? როგორ შეიძლება მათი მონიშვნა აქ? ასეთ პირობებში ბავშვი საქართველოში რომ მუსიკას აირჩევს პროფესიად… და მერე ყოველდღიურად საათებს ატარებს ინსტრუმენტთან… და ეს კაპიკები რომ უმნიშვნელოვანესია მისთვის… და მაგ კაპიკებსაც რომ წაართმევენ, იმიტომ, რომ ბევრი იმუშავა და მცირეოდენი ფულადი ჯილდო დაიმსახურა… აი მართლა როგორ არ გაგისკდეს გული?!“ – წერს ნინო ჟვანია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
„კვირა“ ამ საკითხით დაინტერსდა და სტუდენტს დაუკავშირდა, თუმცა, მან კომენტარისაგან თავი შეიკავა.
„არ მსურს მაგ თემაზე საუბარი “- განაცხადა მან.
როგორც „კვირას“ სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, კონსერვატორიის სტუდენტს, რომელიც სოციალური დახმარებით სარგებლობდა, ამჟამად აღარ სარგებლობს.
„სტუდენტი თბილისში გადმოსვლის შემდეგ, სოციალურ დაუცველთა ბაზის მონაცემებში გადამოწმდა და მაღალი სარეიტინგო ქულის გამო ვერ გახდა საარსებო შემწეობის მიმღები. რაც შეეხება, მისი ოჯახის წევრებს ისინი ქუთაისში ცხოვრობენ და სახელმწიფოსგან დახმარებას იღებენ“, – აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები