საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის ანგარიში მოისმინა

იუსტიციის სამინისტროში საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე − იუსტიციის მინისტრი, ხელმძღვანელობდა. სხდომას ესწრებოდნენ საპროკურორო საბჭოს წევრები; საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საპროკურორო საბჭოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ერთი წლის ანგარიში წარუდგინა, რომელიც, ძირითადად, საქართველოს პროკურატურაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, აგრეთვე, განვითარების სტრატეგიას შეეხებოდა.
მთავარმა პროკურორმა საპროკურორო საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა პროკურატურის განვითარების ექვსწლიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე; ისაუბრა უწყების სტრატეგიულ მიმართულებებზე − პროკურორთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაზარალებულთა ინტერესების დაცვაზე. ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზეც გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა: ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა; სქესობრივი კავშირი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან; რელიგიური, დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა და ამ მიმართულებებით გატარებული ღონისძიებები.
ამასთან, ანგარიშის წარდგენისას საპროკურორო საბჭოს წევრებმა მთავარი პროკურორისგან მოისმინეს პროკურატურის, როგორც საგამოძიებო უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოს, შედეგები.
მთავარმა პროკურორმა საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია მთავარი პროკურატურის მიერ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისა და დაზარალებულთა აღდგენილ უფლებებზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე სისხლის სამართლის დევნის დაწყებისა და განაჩენების მაჩვენებლებზე, გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგებსა და დანაშაულის პრევენციის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე; ისაუბრა პროკურორთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიციური კადრების მოზიდვის აუცილებლობაზე.
ანგარიშის დასრულების შემდეგ ირაკლი შოთაძემ საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა.
მთავარი პროკურორის ანგარიშს საპროკურორო საბჭო 6 თვეში ერთხელ ისმენს.
საპროკურორო საბჭო გასული წლის შემოდგომაზე პროკურატურის რეფორმის ფარგლებში შეიქმნა. რეფორმის ავტორი იუსტიციის სამინისტროა. პროკურატურის რეფორმის მიზანი უწყების დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.
საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მოქმედი საპროკურორო საბჭო 14 წევრისაგან შედგება და მას საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები