მოკლული თამაზ ნინუას შვილი პრეზიდენტს მიმართავს – „ჩემი მშობლების „მკვლელი“ უდანაშაულოა“

„ჩემი მშობლების „მკვლელი“ უდანაშაულოა“ – ამ სათაურით გაზეთი „კვირის პალიტრა“ დღევანდელ ნომერში თბილისში მოკლული თამაზ და ეთერ ნინუას შვილის ეკა ნინუას ინტერვიუს აქვეყნებს.
როგორც გამოცემასთან ეკა ნინუა აცხადებს, მან საქართველოს პრეზიდენტს მშობლების განზრახ მკვლელობით გასამართლებულ თამაზ გოგიას შეწყალების მოთხოვნით უკვე მიმართა. ეკა ნინუას მიაჩნია, რომ თამაზ გოგია უდანაშაულოა.
„ეს ადამიანი უდანაშაულოა. თამაზ გოგია 7 წელია ციხეში ზის, მე კი უკვე ბევრ რამეზე ამეხილა თვალი. მინდა თამაზ გოგიას შევხვდე, როგორც მეგობარს. იქნებ მისი მონათხრობი დამეხმაროს სიმართლის დადგენაში“, – აცხადებს ეკა ნინუა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
თბილისში, 2009 წლის 13 ნოემბერს, თამაზ და ეთერ ნინუები საკუთარ სახლში მოკლეს. თამაზ ნინუა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს უშიშროების მინისტრი იყო. რამდენიმე დღეში მკვლელობა გახსნილად გამოცხადდა და მაშინ, სამართალდამცავებმა ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თამაზ ნინუას მეგობარი თამაზ გოგია ამხილეს, რომელსაც ცოლ-ქმრის მკვლელობის ბრალდების გარდა, თაღლითობა, თანხის მითვისება-გაფლანგვა, იარაღის უკანონო ტარება-შენახვა, კრედიტების უკანონოდ მიღება და გადასახადებისთვის თავის არიდება ჰქონდა წაყენებული.
გამოძიება თამაზ და ეთერ ნინუების მკვლელობის მოტივად პარტნიორებს შორის დაძაბულ ბიზნესსაქმიანობას ასახელებდა. მოსამართლე ნინო სანდოძემ უამრავი ბრალდებიდან თამაზ გოგიას ორი მუხლი მოუხსნა, ცოლ-ქმრის მკვლელობისთვის 17 წელი მიუსაჯა, სხვა სასჯელების დამატების შემდეგ კი სულ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამასთან განსასჯელს ჯარიმის სახით 17 500 ლარის გადახდაც დაეკისრა.
აღსანიშნავია, რომ თბილისში პროკურორ ვახტან ქირიას სადისტური მკვლელობის შემდეგ, გამოძიებამ მომხდარ დანაშაულში ბიძინა კუჭავა დაადანაშაულა. ოფიციალური ვერსიით, დაკავებისას კუჭავამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შს მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ სკანდალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გამოძიება კიდევ ოთხი საქმით დაინტერესდა. კერძოდ, ბიძინა კუჭავას დის გაუჩინარება, კუჭავას გერის მკვლელობა, ცოლ-ქმარ ნინუების მკვლელობა, გოჩა მაღალთაძის მკვლელობა. გამოითქვა ეჭვი, რომ ეს დანაშაულებები ბიძინა კუჭავას მიერ იყო ჩადენილი. დღეს კი, პროკურატურა აცხადებს, რომ ნინუები მსჯავრდებულ თამაზ გოგიას არ მოუკლავს.
„პროკურატურის თანამშრომლებს გააჩნდათ არალეგიტიმური დაინტერესება თამაზ გოგიას მიმართ, რათა მას შერაცხოდა ნინუების მკვლელობის ფაქტი. თამაზ გოგიას დაკავების დროს, ხელოვნურად შეიქმნა მამხილებელი მტკიცებულებები, რომელიც გაბათილდა და ეჭვქვეშ დადგა ახალი გამოძიებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. ახალი ექსპერტიზით გამოირიცხა თამაზ გოგიას ხელის ანაწმენდზე დენთის კვალის არსებობა. არადა, საქმეში მთავარ მტკიცებულებად სწორედ ეს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა იყო. დღეს, უკვე არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ თამაზ გოგია უდანაშაულოა. ახლა აუცილებელია, ამ მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდეს, გვჯერა, რომ თამაზ გოგია გამართლდება“, – აცხადებს საქმის პროკურორი გიორგი მიქავა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები