სასულიერო პირების ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა დაიწყო – “პატრიარქის ქორეპისკოპოსს მილიონ-ნახევარ დოლარად შეფასებული სახლი ჩამოერთვა“

რამდენიმე თვეა, საპატრიარქოში მაღალი იერარქიულ საფეხურზე მყოფი სასულიერო პირების ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა დაიწყო, – ამის შესახებ გაზეთი “პრაიმტაიმი“ დღევანდელ ნომერში წერს.
გამოცემის კონფიდენტის ინფორმაციით, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსს, მეუფე თეოდორეს მილიონ-ნახევარ დოლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლი ჩამოერთვა. ძვირადღირებული უძრავი ქონება უკვე დაუბრუნდა საპატრიარქოს.
ვისი დახმარებით და რა სქემით დაეუფლა ვერაზე, ჯანაშიას #2-ში მილიონ-ნახევარ დოლარად შეფასებულ პენტჰაუსს მეუფე თეოდორე – დეტალებზე “პრაიმტაიმის“ კონფიდენტი საუბრობს.
“ეს უძრავი ქონება ნამდვილად დაუბრუნდა საპატრიარქოს და მას ფლობდა მეუფე თეოდორე. გარკვეულმა ჯგუფმა, ვისაც ეს დავალება ჰქონდა, ეს საკითხი შეისწავლა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა ქონების კორუფციული გზით დაუფლებას, ამის შემდეგ მოხდა რეაგირება და ქორეპისკოპოსს ქონება ჩამოერთვა“, – აცხადებს კონფიდენტი.
“პრაიმტაიმთან“ საუბარში ჯანაშიას ქუჩაზე მდებარე ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლექსის დაცვა ადასტურებს, რომ კორპუსის ბოლო, მე-6 სართულზე სასულიერო პირი მართლაც ცხოვრობდა, თუმცა მისი თქმით, ბოლო პერიოდში ის აღარ შეუნიშნავს.
“სახელი არ ვიცი, მაგრამ ბოლო სართული მამაოსია. ცოტა ხნის წინ საპატრიარქოდან იყვნენ და, მგონი მათ გადაეცათ“, – აცხადებს კომპლექსის დაცვის წარმომადგენელი.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ჯანაშიას #2 -ში არსებული საცხოვრებელი სახლი მეუფე თეოდორემ საპატრიარქოს ქონების კერძო კომპანიაზე გადაცემის სანაცვლოდ მიიღო. საუბარია საპატრიარქოს სამშობიარო სახლზე.
“ვერაზე, თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე საავადმყოფო გადადის საპატრიარქოს კუთვნილებაში, თუმცა გარკვეული პერიოდი ის იურიდიულად რჩება მაშინდელი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მფლობელობაში. ძალიან მალე ჩნდება ახალი მოთამაშე – შპს კომპანია “ ემჯიაი“, რომელიც საპატრიარქოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში იმარჯვებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მხოლოდ ამ კომპანიას ჰქონდა ე.წ. სარეკომენდაციო წერილი საპატრიარქოს ქონების მართვის დეპარტამენტიდან.
დოკუმენტებიდან ასევე ირკვევა, რომ კომპანია “ემჯიაის“ საკონტროლო პაკეტში 35 პროცენტს ფლობდა მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე. ამ კომპანიის დამფუძნებელია მანანა შარაშიძე. აღნიშნული კომპანია შპს “ემჯიაი“, ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად 1000 დოლარად იღებს პრესტიჟულ უბანში არსებულ შენობა-ნაგებობას და მათზე დამაგრებულ 3854 კვ.მ მიწის ფართობს. ხოლო თარხნიშვილზე არსებული შენობის სანაცვლოდ, სახელმწიფო საპატრიარქოს სიმბოლურ ფასად – 1 დოლარად გადასცემს ორთაჭალაში მდებარე “ნიკოლოზ ბარნოვის სახელობის ჰოსპიტალის“ 100%- იან წილს.
როგორც მიხვდით, გაიყიდა თარხნიშვილზე მდებარე ფართი და ტენდერის საფუძველზე კომპანია „ემჯიაის“ გადაეცა. სანაცვლოდ, ამ უკანასკნელს დაევალა, სათანადოდ მოეწყო ბარნოვის სახელობის კლინიკა, დაემატებინა ფართი, კორპუსები და მოეხდინა კლინიკის ინვენტარიზაცია.
შპს “ემჯიაიმ“ აიღო გარკვეული ვალდებულებები, რომლის თანახმადაც, მაგალითად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის განმავლობაში ქ. თბილისის ნიკოლოზ ბარნოვის სახელობის ჰოსპიტალის“ ბაზაზე საქართველოს საპატრიარქოს ახალი ცენტრი უნდა აეშენებინა, აღეჭურვა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მოეხდინა. ასევე, საავადმყოფოს ეზოში უნდა აეშენებინა ეკლესია, სპეციალური სასწავლო კორპუსი და უპოვართა თავშესაფარი. აღებული ვალდებულებების მიუხედავად, თითქმის ნახევარი საქმე არ შეასრულა“, – წერს „პრაიმტაიმი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები