ალექსანდრე ჯეჯელავა: ვოცნებობ ახალ “კომბლეზე”, რომელიც შრომობს და ცხვარს უვლის

მე ვოცნებობ ახალ “კომბლეზე”, რომელსაც ზღაპრის დასაწყისში ორასი ცხვარი ჰყავს, დასასრულს კი – 220, მთელი დღე კომბლებს კი არ თლის, რამდენიმე კომბალი აქვს, შრომობს და ცხვარს უვლის, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ჯეჯელავა გამოცემასთან განათლების სისტემის რეფორმის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას რეფორმების განხორციელებაში მხარს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უჭერს.
„პრემიერის მხარდაჭერა რომ დავკარგო, ხვალვე წავალ. რეფორმები ჩემი კი არა, პრემიერის გეგმის ნაწილია. ჩემი მოსვლა პრემიერის ფაქტორმა და მასთან მრავალწლიანმა ურთიერთობამ განაპირობა. მანამდე მსგავსი შემოთავაზება 13-ჯერ მივიღე, თუმცა უარს ვამბობდი. რაც შეეხება მინისტრთა ახალ კაბინეტს, არსებული გადაჯგუფებით კმაყოფილი ვარ“, – აცხადებს მინისტრი.
მინისტრი ინტერვიუში ასევე ყურადღებას ამახვილებს „კომბლეს“ გარშემო საზოგადოებაში ატეხილ ხმაურზე.
„როდესაც ადამიანს რამდენიმე წლის განმავლობაში ეუბნებიან, რომ ლურჯი ტანსაცმელი უხდება, ერთ მშვენიერ დღესაც კი ვინმე ეტყვის, რომ ეს ფერი სულ არ უხდება, მისი პირველი რეაქცია აუცილებლად ნეგატიური იქნება. დღეს საზოგადოებაში ტაბუირებული საკითხებია – გვიყვარს ჩვენი კულტურა, ასეთებს შორის მეც ვარ, “ვეფხისტყაოსანს”, პრაქტიკულად, ყოველდღე ვკითხულობ“, – აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავა.
ამავე ინტერვიუში მინისტრი პარლამენტის ყოფილი წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ყოფილი დეპუტატის მოსაზრებით, „მინისტრი “კომბლეს” შემდეგ “ვეფხისტყაოსანს” დაიწუნებს“.
„მადლობა ღმერთს, ლევან ბერძენიშვილმა რაც თქვა, გადამწყვეტი არ გახლავთ. ბერძენიშვილს ან ვინმეს თუ ჰგონია, რომ მას რაც უყვარს, ის უნდა მივაწოდოთ ახალგაზრდა თაობას, მცდარ აზრზეა. თუ განათლების საკითხი ამ მიდგომით განისაზღვრა, დაღუპული ვყოფილვართ. საზოგადოებამ თავის გმირებს განვითარების თვალსაზრისით უნდა შეხედოს“, – ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები