ბრიუსელში გარდაცვლილი ქართველი უკანასკნელად მეუღლეს დაუკავშირდა – “როგორც კი მოვახერხებ შეგეხმიანებით”

0

საქართველოს მოქალაქე, რომლის ცხედარიც ბრიუსელში, მდინარეში იპოვეს, იდენტიფიცირებულია. როგორც “კვირასთვის” გახდა ცნობილი, გარდაცვლილი დღეს მისმა მეგობარმა ამოიცნო. დადგინდა, რომ იგი 34 წლის გიორგი მაზიაშვილია, რომელიც სიღნაღის რაიონის სოფელ ილიაწმინდის მკვიდრია.
დღესვე, პროზექტურაში გიორგი მაზიაშვილის ცხედრის გამოკვლევაც ჩატარდა. თუმცა, ექსპერტიზის დასკვნის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე “კვირასთვის” უცნობია, ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს ძალადობის რაიმე კვალი.
გიორგი მაზიაშვილი უკანასკნელად, საქართველოში ოჯახის წევრებს 7 ნოემბერს დაუკავშირდა. იგი საქართველოდან სამი თვის წინ წავიდა. “ამ დღეებში ვეღარ დაგიკავშირდებით, რადგან იქ, სადაც ვარ ინტერნეტი არ არის. როგორც კი მოვახერხებ დაკავშირებას, შეგეხმიანებით”, – უთქვამს გიორგი მაზიაშვილს მეუღლისთვის, რის შემდეგაც ის ოჯახის წევრებთან კავშირზე აღარ გასულა.
გიორგი მაზიაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახს 24 ნოემბერს, ქართველმა სამართალდამცველებმა მიაწოდეს. თუმცა, ბელგიის პოლიციამ საქართველოს მოქალაქის ცხედარი ლტოლვილთა დასახლებიდან დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით, მდინარის ნაპირას, 21 ნოემბერს აღმოაჩინა. მომხდარის შესახებ მწირი ინფორმაცია აქვთ, ბელგიაში ქართველ ემიგრანტებს. სავარაუდოდ, მომხდარ ფაქტის შესახებ ყურადღება არც ადგილობრივ მედიას გაუმახვილებია.
როგორც “კვირას” გარდაცვლილის ოჯახის ახლობლებმა განუცხადეს, 24 ნოემბერს მაზიაშვილები კახეთიდან თბილისში ჩავიდნენ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებისთვის მიმართეს. როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბელგიაში საქართველოს საელჩო მომხდარის შესახებ ინფორმირებულია და მზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია საქართველოს მოქალაქის სამშობლოში გადმოსვენების თაობაზე. გიორგი მაზიაშვილს ცხედარს სამშობლოში 28-29 ნოემბერს ჩამოასვენებენ.
გიორგი მაზიაშვილს მეუღლე და ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

იზა შაქარაშვილი 

15192547_1305592952796528_8399103350159376482_n

კომენტარები

კომენტარი