გიორგი კვირიკაშვილი: ძალიან მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამომდინარე, სავარაუდოა ეროვნული ვალუტის გამყარება

„მომავალი ძალიან მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამომდინარე, სავარაუდოა ეროვნული ვალუტის გამყარება “, – ამ სიტყვებით უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია გაჩეჩილაძის კითხვას, ეროვნული ვალუტის გამყარების შესახებ.
კვირიკაშვილის განმარტებით, როდესაც ლარი ზომაზე მეტად მყარდება, როგორც წესი, უცხოური ვალუტის შესყიდვას ახდენს ეროვნული ბანკი და ასე მოხდა წელსაც.
”მომავალი ძალიან მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამომდინარე, სავარაუდოა ეროვნული ვალუტის გამყარება. ჩვენ ვსაუბრობთ მილიარდობით დოლარის დამატებით ინვესტიციაზე. როგორ მოქმედებს ასეთ შემთხვევაში ეროვნული ბანკი? ჩვენ გვქონდა გაზაფხულზე გამყარების ტენდენცია. ყოველთვის ეროვნული ბანკი უყურებს შედარებით გაცვლის კურსს, იმას, თუ სად არის ეფექტური რეალური გაცვლითი კურსი და როგორ არის ის მეზობელ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან მიმართებაში. როდესაც ჩვენი ვალუტა ზომაზე მეტად მყარდება, როგორც წესი, უცხოური ვალუტის შესყიდვას ახდენს ეროვნული ბანკი. ასე მოხდა წელს. დაახლოებით 280 მილიონი დოლარის შესყიდვა მოხდა უცხოური ვალუტის რეზერვებში. როდესაც არის პირიქით, ემოციური რყევები, ამ შემთხვევაში ხდება ასეთი რეზერვის გამოყენება, რომ მრუდი გასწორდეს და არ იყოს ემოციური რყევები. ამიტომ, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. შეფასების პროცედურები არსებობს და ასეთი შემთხვევაში რაიმე ზედმეტად რთულ პროცედურასთან არ გვაქვს საქმე. ასეთი პრეცედენტები არაერთხელ გვქონია”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, გია გაჩეჩილაძის აზრით, მომავალი წლიდან საქართველოში იმ მასშტაბის ინვესტიციები შემოვა, რომ ლარის სწრაფად გამყარების ზღვარის დაწესება გახდება საჭირო.
როგორც გაჩეჩილაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, მომავალი წლიდან საქართველოში იგეგმება უმსხვილესი გეოპოლიტიკური პროექტების განხორციელება, მათ შორის, ენერგეტიკის სფეროში 3-მილიარდიანი ინვესტიციების შემოტანა, აბრეშუმის გზის ამოქმედების პერსპექტივა, გაზსაცავის მშენებლობა, ანაკლიის პორტის მშენებლობა და სხვა.
„ასეთი მასა დოლარისა, ინვესტიციისა, რომლის შემოსვლა საქართველოში დაიწყება მომავალი წლიდან, რა თქმა უნდა, იმოქმედებს ლარის კურსის ძალიან სწრაფად გამყარების მიმართულებით. მე მაინტერესებს, არის თუ არა მთავრობაში განსაზღვრული ის მიჯნა, კრიტერიუმი ან საზღვარი, რომლის ქვევით აღარ გამყარდება ლარი და ჩაერევა ეროვნული ბანკი ამ პროცესებში?“- დაინტერესდა გია გაჩეჩილაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები