გიორგი კვირიკაშვილი ნიკა მელიას პასუხობს – „მინდა გაგაწბილოთ, აღარ იქნება ეს საქართველოში“ (ვიდეო)

“ბატონო ნიკა, მინდა გითხრათ, რომ თქვენი სტილი ადამიანს უთხრათ, რომ ნომინალური ხარ, თან შეკითხვა დაუსვათ და პასუხი გაინტერესებთ, არის ყველანაირი ეთიკის წრიდან გასული”, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ნიკა მელიას.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოზე რაიმე ზეწოლას უარყოფს.
„ეს ინფორმაცია, რაც თქვენ თქვით და ბრალი დასდეთ მინისტრს და მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის უფროსს, არის აბსოლუტური სიცრუე. არავითარი ზეწოლა მათი მხრიდან არ ხორციელდება. თუ რამე ასეთს აქვს ადგილი, მე მოვუწოდებ ყველას, განაცხადოს რაიმე ასეთი მსგავსი თუ ხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის წევრების სისუფთავეში. საერთოდ, ბატონო ნიკა, მინდა გითხრათ, რომ თქვენი სტილი ადამიანს უთხრათ, რომ ნომინალური ხარ, თან შეკითხვა დაუსვათ და პასუხი გაინტერესებთ, არის ყველანაირი ეთიკის წრიდან გასული. ორი დღეა ვაკვირდები ამ თქვენს სტილს, რომელიც არანაირ პოლიტიკურ ჩარჩოში არ ჯდება.
თუ ნომინალურობაზე ვსაუბრობთ, ვინ არის ნომინალური და საიდან იმართება დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, სწორედ ეს არის ჩემთვის კითხვის საგანი და არა ის, რა შეკითხვებსაც თქვენ სვამთ. თქვენი აზრით, როგორ მოიქცეოდა არანომინალური პრემიერ-მინისტრი? ალბათ ამის მაგალითები წარსულში არაერთი გვქონია – სპეცდანიშნულების რაზმებისთვის დავალებების მიცემა, მოსამართლეებთან დარეკვა, როგორ მართავდა იუსტიციის მინისტრი მთლიანად სასამართლო პროცესებს და ასე შემდეგ. თქვენ თუ დღეს ამის მოთხოვნა გაქვთ, მინდა გაგაწბილოთ – აღარ იქნება ეს საქართველოში არასოდეს და ამას ვეღარავინ ვეღარ ნახავს. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი პრაქტიკა აღარ არის საქართველოში და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციები“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, ნიკა მელიას განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე 4 ადამიანისგან მიმდინარეობს ზეწოლა, რათა 30 ნოემბერს “რუსთავი 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანონ.
“გუშინ არაერთი კითხვა დაისვა არაერთ მინისტრთან, მაგრამ პასუხები პასუხებისთვის მივიღეთ. არ ვაპირებთ იგივე შემადგენლობასთან კითხვების კითხვებისთვის დასმას. მინდა, მოგაწოდოთ, ბატონო პრემიერო, ერთი ინფორმაცია:
ჩვენს სანდო წყაროზე დაყრდნობით, მივიღეთ ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს ძალიან ძლიერი ზეწოლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე, რომ კონკრეტულად 30 ნოემბერს იქნეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება გამოტანილი თქვენი ხელისუფლების სასარგებლოდ, ივანიშვილის სასარგებლოდ. იმდაგვარი გადაწყვეტილება, რომლის პრეცედენტი უზენაესი სასამართლოს ისტორიაში არ არსებობს. ჩემდა სამწუხაროდ, ამაში ჩართულები არიან ქალბატონი თეა წულუკიანი, ბატონი თადუმაძე, რომელსაც იყენებთ კომუნიკაციისთვის, ბატონი ფარცხალაძე და თავად ქალბატონი გვენეტაძე. ბატონო პრემიერო, მაინტერესებს, თუ აცნობიერებთ, რა პროცესების ამოფრქვევას უწყობთ ხელს?
ჩემი და ძალიან ბევრი ადამიანის განცდაა, რომ ნომინალურად ასრულებთ პრემიერ-მინისტრის მოვალეობას, შეიძლება დავიჯერო, რომ საქმის კურსში არ ხართ, მაგრამ აცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რა შეიძლება ქვეყანაში მოხდეს, თუ დავინახავთ, რომ მომდევნო დღეებში სისრულეში მოიყვანთ თქვენს განზრახვას?”- მიმართა მელიამ გიორგი კვირიკაშვილს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები