მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემა აქტიურად დგას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემა აქტიურად დგას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში და ამ მიმართულებით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

შესაბამისი განცხადება ჯანელიძემ პარლამენტში, მინისტრთა კაბინეტის წევრებისა და უმცირესობის შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის შეკითხვის პასუხად გააკეთა.
„ჩვენი რეგიონების ოკუპაციის თემა და კონფლიქტი რუსეთთან, აქტიურად დგას დღის წესრიგში როგორც აშშ-სთან, ასევე ევროკავშირთან და ზუსტად აშშ-ის და ევროკავშირის ძალიან მტკიცე მხარდაჭერით საერთაშორისო ფორმატებში. ეს არის ის უპრეცედენტო მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ამ ბოლო წლების განმავლობაში გამომდინარე იქიდან, რომ ვატარებთ იმ პოლიტიკას, რომელიც გასაგებია და მისაღებია ჩვენი საერთაშორისო მხარდამჭერი და ძირითადი სტრატეგიული პარტნიორებისთვის”, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
დეპუტატმა ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე საერთაშორისო ფორმატებში არასაკმარისი მუშაობის გამო გააკრიტიკა.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია მთავრობის საქმიანობის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც სამთავრობო პროგრამაშიც არის ასახული.

მინისტრმა დეპუტატს ბოლო წლებში საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მიღებული საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი და საქართველოს ოკუპაციის დამგმობი განცხადებები შეახსენა.

„გადაწყვეტილებები ოკუპაციასთან დაკავშირებით და ტერმინი ოკუპაცია იყო ნახსენები და გამოყენებული სხვადასხვა საპარლამენტო ასამბლეის და რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის მიერ, თუმცა 2014 წლიდან დღემდე ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმ ორგანიზაციებში, სადაც რუსეთის მთავრობა არის წარმოდგენილი, მაგალითად ეუთო, ევროპის საბჭო და ა.შ. იგივე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მხრიდან 2014, 2015, 2016 წლებში იქნა მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილებები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2016 წლის გადაწყვეტილება, სადაც რუსეთი აღიარებულია როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საერთაშორისო სამართლის მცოდნეებს კარგად მოგეხსენებათ, თუ რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება და ნიშნავს თუ არა ეს ოკუპაციის აღიარებას. რაც შეეხება თვითონ ტერმინს ოკუპაცია, ნატოს გენერალური მდივნის ყოველწლიურ მოხსენებაში 2015 წელს პირველად იქნა გაჟღერებული ტერმინი ოკუპაცია საქართველოსთან მიმართებაში. მოგახსენებთ, ასევე სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე – 2016 წელს თბილისში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე არამარტო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე იყო საუბარი, არამედ ყველა იმ ქმედებაზე, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ჩვენს ტერიტორიაზე, მათ შორის დოკუმენტში ნახსენებია ტერმინი ანექსია. ასევე ოკუპაციაც პლიუს რუსეთის ფედერაციის ანექსიური ქმედებები მოხსენიებულია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორპარტიულ რეზოლუციაში, ამიტომ თქვენ თუ იმას ამბობთ, რომ რომელიმე გადაწყვეტილებაში ან რომელიმე ორგანიზაციის ფარგლებში შესუსტებულია საქართველოს ქმედებები, ამაში ვერ დაგეთანხმებით. შემიძლია ნებისმიერ დროს ნებისმიერ ფორმატში დავჯდე თქვენთან ერთად და ამ საკითხზე ვიმსჯელო”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მანვე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების კრიტიკას საერთაშორისო დღის წესრიგში უკრაინის საკითხის გვერდით საქართველოს პრობლემატიკის ნაკლებად აქცენტირების გამო და პარლამენტის სხდომაზე რამდენიმე რეზოლუცია წარმოადგინა, სადაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და უკრაინის პრობლემატიკა ერთად არის მოხსენიებული.

„რაც შეეხება უკრაინასთან ერთად ჩვენი საკითხის განხილვას, შემიძლია მაგალითად მოვიყვანო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2016 წლის რეზოლუცია – კერძოდ სანქციების შემოღება პარლამენტარების წინააღმდეგ, სადაც საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და უკრაინის პრობლემატიკა ერთად არის განხილული და შემიძლია ეს აბზაცები და ეს რეზოლუცია მოგაწოდოთ”, – მიმართა დეპუტატს მინისტრობის კანდიდატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები